საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, სახაზინო სამსახურის ხელმძღვანელის, ცოტნე ყავლაშვილის განცხადებით, ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა მიმდინარე წლის ბიუჯეტის 11 თვის შესრულების საბოლოო პარამეტრები, რაც მნიშვნელოვნად მეტყველებს ბიუჯეტის თანაბარ ხარჯვაზე.
„ამდენად, ჩვენთვის გაუგებარია ოპონენტების ბრალდებები ამ მიმართულებით. 2015 წლის დეკემბერში, წლიურ პარამეტრთან მიმართებაში ბიუჯეტის ხარჯვა 12,5 პროცენტს შეადგენდა და მაშინ ყველამ აღიარა, რომ 2015 წელი იყო გამორჩეული ბიუჯეტის თანაბარზომიერი ხარჯვით. ამ კუთხით, ჩვენ 2016 წელს უკეთესი მდგომარეობა გვაქვს," - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, ხარჯების მიმართულებით შესრულების მაჩვენებელი 89-პროცენტიანია. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ კუთხით შესრულების მაჩვენებელი 2016 წლის დეკემბერშიც უკეთესი იქნება გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
„მნიშვნელოვანი გადაჭარბება გვაქვს საგადასახადო შემოსავლების კუთხით. დეკემბერში უკვე მიღებული გვაქვს დაფინანსება საგარეო წყაროებიდან. როგორც ცნობილია, აზიის განვითარების ბანკიდან ჩვენ მივიღეთ საბიუჯეტო დაფინანსება 258 მლნ ლარის ოდენობით. დღეს, ხაზინის სავალუტო ანგარიშზე ჩამორიცხულია ევროკავშირის გრანტი 6 მილიონი ევროს ოდენობით. ჯამში, დეკემბერში ევროკავშირისგან ველოდებით საბიუჯეტო გრანტებს 100 მლნ ლარის ოდენობით. ამდენად, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია ოპონენტების კომენტარები ბიუჯეტზე, რომელიც დაგეგმილია, გაწერილია და შესრულდება ყველა გეგმიური პარამეტრის მიმართულებით", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ცოტნე ყავლაშვილმა.