19 დეკემბერს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში" პრეზენტაცია გამართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატმა ირაკლი მეძმარიაშვილმა, სადაც სპორტულ სამყაროს ის ძირითადი გეგმები გააცნო, რის გაკეთებასაც აპირებს სეოკ-ის ხელმძღვანელად მოსვლის შემთხვევაში.
მეძმარიაშვილმა ქართული ოლიმპიზმის წინსვლისთვის აუცილებლად მიიჩნია სპონსორთა მოზიდვა, მწვრთნელთა და მსაჯთა გადამზადება, სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნა, ფედერაციებისთვის მაქსიმალური დამოუკიდებლობის მინიჭება, სპორტული მენეჯმენტის განვითარება, სკოლებში ოლიმპიზმის ისტორიის სწავლა, ზრუნვა პარასპორტზე და სხვა.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ეს არჩევნები უპრეცედენტოა, რადგან არ არსებობს სამთავრობო კანდიდატი, ხოლო საზოგადოებას დაჰპირდა, რომ თანხების ხარჯვის შესახებ პერიოდულად მიაწვდის სრულ ინფორმაციას და ამას „ლელოს" მეშვეობით გააკეთებს.
მეძმარიაშვილმა ამჯერადაც ისაუბრა საერთაშორისო ოლიმპიურ სტრუქტურებში, საერთაშორისო ფედერაციებში, სამსაჯო კომიტეტებში ქართველთა წარმომადგენლობის გაზრდაზე, დიდი ადგილი კი ოლიმპიადაზე რომელიმე გუნდურ სათამაშო სახეობაში მოხვედრას დაუთმო.
მისი თქმით, როცა ზედიზედ ამდენი ოლიმპიადაა, 40-ეულში ხარ, იმის ამბიციაც უნდა გქონდეს, თამაშებზე გუნდურ სახეობაშიც იყო წარმოდგენილი.
თავისი არცთუ ხანგრძლივი გამოსვლის ბოლო ნაწილი პრეზიდენტობის კანდიდატმა საკუთარი გუნდის წარდგენას დაუთმო. გენერალურ მდივნად მძლეოსნობაში სეულის ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანი მაია აზარაშვილი წარადგინა, ვიცე-პრეზიდენტებად - რომან რურუა, მერაბ ჩიქობავა, ზაზა ხეჩუაშვილი და ლევან გაბრიჩიძე.