ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია „facebook"-გვერდზე საბავშვო ბაღების დირექტორების გათავისუფლების საკითხს ეხმაურება.
„ინფორმაცია გავრცელდა რამდენიმე საბავშვო ბაღის დირექტორის გათავისუფლების შესახებ, შემდეგ კი ზოგიერთი „მოწადინებული" პირის შესახებ, რომლებიც ცდილობენ, ჩვეულებრივ საწარმოო პროცესს პოლიტიკური ელფერი შესძინონ.
თემა ჩემთვის აქტუალურია, ჩემი უფროსი ვაჟი ბაღში დადის შემოდგომიდან, ხოლო გოგონა ალბათ ორიოდე წელში გახდება ბაღის აღსაზრდელი. მე თვითონ ბაღში დიდად არ მივლია ბავშვობაში, რადგან არ მიყვარდა, თუმცა, მახსოვს წინა წლების ბაღები, რომლებიც ერთი მხრივ, პოლიტიკურ ზეწოლას განიცდიდნენ განსაკუთრებით წინა ხელისუფლების პირობებში, მეორე მხრივ კი კორუფციისა და არალეგარული ფინანსური ბრუნვის სივრცე იყო.
მახსოვს ბაღები იმ პერიოდში, როდესაც მშობლებს მიჰქონდათ საჭმელები ბავშვებისათვის, მახსოვს ბაღები, რომელთა გადასახადი იმდენად დიდი იყო, რომ ბაღში მხოლოდ „რჩეულები" თუ ივლიდნენ, საკვების ხარისხზე მსჯელობაც მახსოვს, როდესაც ლამის დაავადებების კერა იქმნებოდა ბაღების სამზარეულოებში, ისიც მახსოვს, ბაღების დირექტორები რა ტიპის კორუფციაში იყვნენ ჩაფლულები, ხოლო მშობლებს ერთი მხრივ, იმედი არ ჰქონდათ, რომ შვილებს ნორმალურად გამოკვებავდნენ, მეორე მხრივ კი, დაუსრულებელი ფულის შეგროვებები არ ასვენებდა. მახსოვს, წინა ხელისუფლებამ ერთ სხდომაზე რამდენიმე ათეული დირექტორი როგორ გაათავისუფლა სამსახურიდან, თუმცა, მეორე მხრივ, როგორ ეპატიჟებოდა რესტორნებში ბაღების მასწავლებლებს და ადმინისტრაციას, რომ მაშინდელი მერიისა და მაშინდელი ხელისუფლების მზე ეფიცა ბევრს, ცალკე იძულებითა და ცალკე ხელისუფლებისადმი შიშების გამო, მარტო იმის გახსენება რად ღირს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" ბაღის მასწავლებლებს მასწავლებლის სტატუსი წაართვა და ძიძის რანგში დაიყვანა, ხოლო, თუ არ ვცდები 2007 წელს, ჯამში, ერთ წელიწადში 150-მდე დირექტორი გაათავისუფლა სამსახურიდან... მოკლედ, ვისაც კი შვილი ბაღში ჰყოლია, ადვილად გამიგებს და გაიხსენებს, რა და როგორ იყო.
როგორც წეღან ვთქვი, ჩემი ვაჟი რამდენიმე თვეა ბაღში დამყავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს თვეები მე არ მაქვს არც ბაღის გადასახდელი თანხის გასავალი, არც იქ კვების, ვიცი, რომ საკვები საკმარისიცაა და უსაფრთხოც, კიდევ უფრო მთავარი, ვიცი, რომ ამ ყველაფერს ძირეულად ამოწმებენ და ნებისმიერ დარღვევაზე დროულ რეაგირებას მოახდენენ... ამიტომ... როგორც მშობელი, ძირითადად მშვიდად ვარ, მეტიც, მერიისადმი ჩემი ხშირი კრიტიკის მიუხედავად, ყოველთვის შევნიშნავ, რომ ბაღების მართვის სააგენტო მერიის ერთ-ერთი საამაყო ქვედანაყოფი თუ სამსახურია.
მე ყოველდღიურად ვიგებ ინფორმაციას სხვადასხვა ბაღიდან მათში არსებული პრობლემებისა თუ გამოწვევების შესახებ და მინდა ვთქვა, რომ ბაღების მართვა, გარდა კვებისა და აღზრდის სწორი მეთოდოლოგიისა, მისი ეფექტური კონტროლი უნდა იყოს. ამიტომაც, რამდენიმე ბაღის დირექტორის გათავისუფლება, ჩემთვის სამწუხაროა პიროვნულად, მაგრამ კვალიფიციურ გადაწყვეტილებად ვთვლი, რადგან არაერთი შემოწმებისა და შენიშვნის მიუხედავად, ზოგიერთმა ხელმძღვანელმა ვერ გაართვა მუშაობას თავი საკმარისად. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ დაქირავებულის სამსახურიდან გაშვება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობა უნდა იყოს, თუმცა, ამჟამინდელი შემთხვევები, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სწორედ უკიდურესი აუცილებლობით მოხდა.
ჩემთვის მიუღებელია იმ პირების რეაქცია, რომელიც ჩვეულებრივ საწარმოო პროცესს პოლიტიკურ მოტივს სძენს და რატომღაც წინასაარჩევნო პროცესს უკავშირებს. ამას მავნებლობა ჰქვია, მითუმეტეს, იმ დროს, როდესაც მშობლებისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებით ისინი ცდილობენ გარკვეული უხერხულობა შექმნან მშობლების მხრიდან.
როდესაც საკითხი ეხება მომავალს, როდესაც საქმე ეხება ჩემი შვილების უსაფრთხოებასა და სწორ განვითარებას, ნამდვილად მკაფიო და რადიკალური ვიქნები იმ პირთა თუ ორგანოთა მიმართ, ვინც საფრთხეს შეუქმნის მათ. ჩემთვის არაა სასურველი, ბაღს მართავდეს ისეთი დირექტორი, რომელიც არაერთხელ იღებს შენიშვნას და მაინც აგრძელებს დარღვევებს. ამიტომ, მოცემულ შემთხვევაში, მე ჩემი შვილების მხარეს ვარ, რომელთა უსაფრთხოება ახლა გადაწყვეტილების მიმღებთა მხარდაჭერაზე გადის. მეტიც, ბაღების მართვის სააგენტოს, როგორც მშობელი და როგორც ქვეყნის მოქალაქე, მოვთხოვდი, რომ კიდევ უფრო მკაცრი იყოს იმ პირთა მიმართ, რომლებიც ბაღებში გადაცდენების სივრცეს ქმნიან და ამით ბავშვების უსაფრთხოებასა და განვითარებას საშიშროებას უქმნიან", - წერს გამზარდია.