„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ამთავრებს არსებობას", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
დარჩიაშვილი ეხმაურება თავისი კოლეგის, გივი თარგამაძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარტიის პოლიტსაბჭო დაშალა.
„ტარას ბულბა გახსოვთ? я тебя породил, я тебя и убью. დამაინტრიგებლად იკვეთება უკრაინული ლიტერატურული სახე და ენმ-ში მიმდინარე პროცესები. ენმ ამთავრებს არსებობას. ნუ, იმ ფორმით და შემადგენლობით, რითაც ქვეყნის მოდერნიზაციის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ მცდელობასთან ასოცირდებოდა. დრამაა, მაგრამ ტრაგედია არა. ისტორია კი გაგრძელდება (საქართველოს მოდერნიზაციას ვგულისხმობ)", - წერს დავით დარჩიაშვილი.
„შეუცვლელი ლიდერობის პრეტენზიის მქონე პოლიტიკოსი იქამდე მივიდა, რომ მის წარმოდგენაში ეგზისტენციალური დიდგორი 20 იანვარს, სპორტის სასახლეში, საკუთარ, თუნდაც ყოფილ თანამებრძოლებთან შერკინებაში ეგულება", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გივი თარგამაძემ სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას დაწერა.