19 დეკემბერს, ბერლინში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილი, ტუნისელი ანის ამრი, რომელიც ძებნაში იყო, დღეს, ღამის 3 საათზე იტალიაში, ქალაქ მილანში პოლიციასთან ორმხრივი სროლის დროს მოკლეს.
იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა.
ეჭვმიტანილი მილანის ერთ-ერთ უბანში პოლიციამ საბუთების შემოწმების მიზნით გააჩერა. პოლიციის თხოვნაზე წარედგინა საბუთები, ანის ამრიმ იარაღი ამოიღო და პოლიციელს ესროლა შეძახილით - „ალაჰ აქბარ". პოლიციელებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც ეჭვმიტანილი ადგილზე დაიღუპა.
გარდაცვლილის ჯიბეში აღმოჩენილია მატარებლის ბილეთი, საიდანაც ირკვევა, რომ ის იტალიაში საფრანგეთის გავლით ჩავიდა.
დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმე არ არის.