რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ოქსანა სევასტიდის საქმეს გამოეხმაურა, რომელსაც სახელმწიფო ღალატის ბრალდებით, შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მისი თქმით, 2008 წლის ომთან დაკავშირებით ოქსანა სევასტიდის მიმართ გამოტანილი განაჩენი მკაცრია.
„რაც შეეხება სასამართლო გადაწყვეტილებას, ჩემთვის რთულია ამაზე კომენტარის გაკეთება, ვინაიდან სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია. მაგრამ, ჩემი აზრით, ძალიან მკაცრი მიდგომაა. დეტალებს არ ვფლობ. როგორც ვიცი, მან რაღაც დაწერა მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით იმის შესახებ, რაც დაინახა, რაც ყველამ დაინახა. შესაბამისად, ეს არ წარმოადგენდა რამე საიდუმლოს. შევეცდები გავერკვე ამ საქმის დეტალებში", - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
სისხლის სამართლის დევნის მიზეზი 2008 წელს, მის მიერ განხორციელებული მოკლე ტექსტური შეტყობინებები გახდა, რომელიც მან საქართველოსთან ომამდე ცოტა ხნით ადრე გააგზავნა. ოქსანა სევასტიდმა თავის ქართველ მეგობარს მისწერა, რომ სოჭში სამხედრო ტექნიკით დატვირთული მატარებელი ნახა, რომელიც აფხაზეთისკენ მიემართებოდა.