logo_geo
eng_logo
პეტრე მამრაძე: უვადო პატიმრების საკითხის ობიექტურ გადახედვას მხარს ვუჭერ
- +

24 მარტი. 2016. 13:24



„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ინიციატივას უვადო პატიმრების საკითხის გადახედვასთან დაკავშირებით ემხრობა და აცხადებს, რომ საკითხი მართლაც გადასახედია. ამის შესახებ მამრაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აქვე დასძინა, რომ თუკი უვადო პატიმრების საკითხი გადაიხედება, აუცილებელია, ობიექტურობა იყოს დაცული და ადგილი არ ჰქონდეს ისეთ ფაქტებს, როგორსაც პოლიტპატიმრების გათავისუფლების დროს ჰქონდა.


„რთული საკითხია. ერთი მხრივ, იმ საშინელ წლებში, როცა საქართველოს ჰყავდა 30 000 პატიმარი, ხელისუფლება აცხადებდა, რომ ქვეყანაში დანაშაული არ ხდება. ამ დროს, როცა 300 000 პრობაციონერი დაგროვდა ქვეყანაში, მსოფლიოს წამყვანი უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ საქართველოში მსჯავრდებულთა უმეტესობა სრულიად უდანაშაულოდ იხდის სასჯელს, დანარჩენებისთვის კი შეფარდებულია არაადეკვატური სასჯელი. ეს ნამდვილად ასე იყო. ყველას გვახსოვს ადამიანი, რომელსაც უამრავი წელი ჰქონდა მისჯილი მკვლელობისთვის, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კი ეს ვითომდა მოკლული ადამიანი მოძებნა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა. ასეთი აბსურდი ხდებოდა. სად არის გარანტია, რომ უვადო პატიმრებს შორის არ არიან ან სრულიად უდანაშაულო ადამიანები, ან ისეთები, ვისაც ნაკლები უნდა ჰქონდეთ მისჯილი? როდესაც ეს ფაქტორი არსებობს, რა თქმა უნდა, ობიექტური გადახედვა ამ საკითხს აუცილებლად სჭირდება. თუმცა, არსებობს საშიშროება, რამდენად ობიექტური იქნება გამოძიება. მათ შორის შეიძლება იყვნენ ძალიან სახიფათო დამნაშავეები, რომლებსაც დღესაც აქვთ გავლენა და შესაძლებლობა, რომ სცადონ, დაუმსახურებლად შეიმსუბუქონ განაჩენი. ასეთ შემთხვევებს ადგილი ჰქონდა პოლიტპატიმრებთან მიმართებაშიც. ამიტომ საჭიროა საკითხის გადახედვა, მაგრამ ობიექტურად", - განაცხადა პეტრე მამრაძემ.



 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner