ავტორი სოფო ხუგოიანი
ინტერპოლმა საერთაშორისო ძებნა შეწყვიტა დავით ახალაიაზე. ამ თემასთან დაკავშირებით, „რეპორტიორს" აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე ესაუბრა. მისი თქმით, რამდენადაც მივაქცევთ ამგვარ გადაწყვეტილებებს ყურადღებას, იმდენად დაზარალდება ქართული სახელმწიფო და ზნეობა. აკადემიკოსი თვლის, რომ მიუხედავად ინტერპოლის გადაწყვეტილებისა, საქართველოში დამნაშავეების მიმართ ძებნა არ უნდა შეწყდეს.
„ახალაიების მოღვაწეობა საყოველთაოდ ცნობილია და არ შეიძლება, თეთრზე ვთქვათ - შავიაო. არ მწამს დასავლეთში არსებული სამართლებრივი პროცესებისა, რადგან იქ ჩვენზე მძლავრად ბატონობს კორუფცია და პოლიტიკური თვალთახედვით წყვეტენ საკითხებს. ასე რომ, ის მოსაზრება, თითქოს დასავლეთი არის სამართლებრივად უნაკლო სივრცე, მტკნარი სიცრუეა. საერთოდ, ახალაიებმა დიდად დააზარალეს ქართული ზნეობრივი, სამართლებრივი და მორალური სივრცე, ამიტომ ინტერპოლის გადაწყვეტილება ჩემთვის არაფერს ცვლის. რამდენადაც მივაქცევთ ამგვარ გადაწყვეტილებებს ყურადღებას, იმდენად დაზარალდება ქართული სახელმწიფო და ზნეობა. ინტერპოლი, რა თქმა უნდა, არ გვექვემდებარება, მაგრამ საქართველოში დამნაშავეების მიმართ არ უნდა შეწყდეს ძებნა", - განაცხადა ჯაველიძემ.