გაერო-ს უშიშროების საბჭომ ისრაელს დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში დასახლებების მშებებლობის შეწყვეტა მოსთხოვა.
გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე კენჭისყრისას აშშ-მა თავი შეიკავა და ვეტო არ დაადო აღნიშნულ რეზოლუციას, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი ითხოვდა, რომ ეს დოკუმენტი არ მიეღოთ.
გაერო-ს უშიშროების საბჭოს 14 წევრმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას. რეზოლუცია ისრაელისგან მოითხოვს „პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის აღმოსავლეთ იერუსალიმში დასახლებების მშენებლობის დაუყოვნებლივ და სრულ შეწყვეტას".
აშშ-ის ელჩმა გაერო-ში სამანტა პაუერმა კენჭისყრის შემდეგ განაცხადა, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭომ ერთსულოვნება გამოხატა იმ საკითხში, რომ „დასახლებებს არ გააჩნიათ იურიდიული ძალა".
„არ შეიძლება ერთდროულად დასახლებების გაფართოების პოლიტიკის გატარება და ორი სახელმწიფოს თანაარსებობის საფუძველზე კონფლიქტის გადაჭრა. საჭირო იყო არჩევანის გაკეთება", - განაცხადა სამანტა პაუერმა.