ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს კანცელარია გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ ისრაელთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ "ისრაელი უარყოფს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიღებულ სამარცხვინო ანტიისრაელურ რეზოლუციას და არ შეასრულებს მის პირობებს".
„მაშინ, როდესაც გაერო-ს უშიშროების საბჭო არაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ სირიაში ნახევარი მილიონი ადამიანის ხოცვა-ჟლეტვა შეაჩეროს, უშიშროების საბჭო სამარცხვინოდ თავს ესხმის ახლო აღმოსავლეთში ერთადერთ ჭეშმარიტ დემოკრატიას, ისრაელს და დასავლეთის კედელს „ოკუპირებულ ტერიტორიას" უწოდებს. ობამას ადმინისტრაციამ არა მხოლოდ ვერ შეძლო გაერო-ში ისრაელის დაცვა ამ ჯგუფისგან, არამედ კულისებს მიღმა ამ ჯგუფთან ერთად მოქმედებდა. ისრაელი მოუთმენლად ელოდება მუშაობას აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და კონგრესში ყველა ჩვენს მეგობრებთან, დემოკრატებთან და რესპუბლიკელებთან, რათა უკუვაგდოთ ამ აბსურდული რეზოლუციის საზიანო შედეგები", - ნათქვამია ისრაელის პრემიერ-მინისტრის კანცელარიის განცხადებაში.
ცნობისთვის, გაერო-ს უშიშროების საბჭომ ისრაელს დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში დასახლებების მშებებლობის შეწყვეტა მოსთხოვა. შესაბამისი რეზოლუცია გუშინ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღეს.