თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში საგარეო ეკონომიკის კავშირების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თურქეთი არ დაუშვებს ახალი სახელმწიფოს შექმნას სირიის ჩრდილოეთით.
მისი თქმით, ანკარა თავიდანვე მხარს უჭერდა სირიაში ტერორისტული ორგანიზაციებისგან თავისუფალი ზონის შექმნას.
„თუ ვერ შევძლებთ „უსაფრთხო ზონის" შექმნას, მაშინ სირიასთან მოსაზღვრე პროვინციებთან მიმართებაში საფრთხეები შენარჩუნდება", - განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა ევროკავშირის პოზიცია, რომელიც არ ასრულებს დანაპირებს თურქეთში მყოფი სირიელი ლტოლვილებისთვის თანხების გამოყოფასთან დაკავშირებით.
„ევროკავშირში შეგვპირდნენ, რომ უკვე 1-ელი ივლისისთვის ლტოლვილების მხარდაჭერისთვის გამოყოფდნენ 3 მილიარდ ევროს, ხოლო დღეის მდგომარეობით გამოყოფილია მხოლოდ 677 მილიონი ევრო. ეს თანხები არა თურქეთს გამოეყოფა, არამედ ლტოლვილებს. სად არის ეს თანხა? რატომ არ გამოყოფენ? ყველაფერი მარტივია - ევროკავშირში არ ფიქრობენ ჰუმანიზმზე და ხალხის ინტერესებზე. ამაზე მხოლოდ თურქეთი ზრუნავს.
როდესაც საუბარი მიდის ნავთობის გუბეში აღმოჩენილ ცხოველზე დასავლეთში კამპანიებს აჩაღებენ, ხოლო იმ ფაქტს, რომ მიმდინარე წელს, ხმელთაშუა ზღვაში დაახლოებით 6 ათასი ადამიანი დაიღუპა, ამას დასავლეთში არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია", - განაცხადა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა.