პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების სერიაზე საუბრობს და აცხადებს, რომ დღეს მიმდინარე მოვლენები მესამე მსოფლიო ომს უტოლდება და იგი ტერორიზმის სახელითაა შენიღბული. ამის შესახებ ცისკარიშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აქვე ტერორიზმთან ბრძოლის მეთოდებზე გაამახვილა ყურადღება.
„თითქმის ნახევარი საუკუნეა, რაც აკადემიურ წრეებში მესამე მსოფლიო ომის პერსპექტივა აქტიურად განიხილება. ყველა თანხმდებოდა, რომ მესამე მსოფლიო ომი იქნებოდა განსხვავებული რელიგიების დაპირისპირების პირობებში. დღეს ჩვენ მოწმენი ვართ, რომ ეს ყოველივე შენიღბულია ტერმინით „ტერორიზმი". რასაკვირველია, ძალიან ძნელია რაიმე ძალადობრივი ზემოქმედება იმ ადამიანებზე, რომელთაც საკუთარი თავის აფეთქება მიაჩნიათ ყველაზე მოკლე გზად მუდმივი სამოთხისაკენ. აქ სრულიად სხვაგვარი მიდგომებია საჭირო, თითოეული ასეთი ადამიანისთვის, რათა გაიზიარონ ის ჭეშმარიტება, რასაც ჰქვია სიცოცხლე და სიცოცხლის მიერ მოტანილი სიხარული. ეს მარტივი საქმე არ არის და დღეს სწორედ ქრისტიანული სამყარო გახლავთ თავდაცვის რეჟიმში. კარგია, რომ ამ კუთხით არსებობს ერთიანობა და ერთმანეთს აღარ ებრძვიან სხვადასხვა ქრისტიანული მიმდინარეობები. თავისთავად, არც მუსლიმანთა მიმართ არის რაიმე მიუღებლობა ქრისტიანების მხრიდან. ის, რაც დღეს ხდება, მიუღებელია თავად მუსლიმანებისთვის.
სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ ჩანს ინსტრუმენტი, რომელიც ხელს შეუშლიდა ახალგაზრდების ასე გაუკუღმართებული გზით განვითარებას. დარწმუნებული ვარ, ცნობილია ის წერტილები, სადაც ასეთი კადრების აღზრდა ხდება, ჯერ კიდევ მოზარდების ტვინში ასეთი აზრებს ამკვიდრებენ. ათეული წლების განმავლობაში არანაირი ზომები არ გაატარებულა, რომ ასეთ სკოლებს შექმნოდათ სირთულეები და მომხდარიყო მათი ქადაგებების საწინააღმდეგო ინფორმაციით ახალგაზრდების მომარაგება. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი ნაბიჯი, თუ ჩვენ გვექნება ხშირი კომუნიკაცია იმ ახალგაზრდა თაობასთან, რომელიც იზრდება იმ იდეოლოგიით, რომ ტერორისტული აქტით და თავის აფეთქებით დაასრულოს სიცოცხლე", - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.