საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური მედიას მიმართავს. როგორც მეჭიაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე საეჭვოდ, შეხმატკბილებულად იღებდნენ ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს, რაც ლარის გაუფასურებას უწყობდა ხელს. მეჭიაური სვამს კითხვას - რატომ არ ინტერესდებიან ჟურნალისტები აღნიშნული პირების საეჭვო ქმედებებით.
„სულ ვამბობდი, რომ ქადაგიძე იყო საფრთხე და მისი ყოფნა ხელს უშლიდა ლარის გამყარებას. წავიდა და დაემთხვა ხომ? რატომ არ იძახით, რომ ჭკვიანი კაცი ვარ, ამას რომ ვამბობდი? მე არ მაქვს წვდომა იმაზე, რომ ეს ყველაფერი მტკიცებულების ფორმაში გადავიყვანო, მაგრამ თავის დროზე ვითხოვდი საგამოძიებო კომისიის შექმნას, რადგან ეს შეეხო საქართველოს ყველა მოქალაქეს. ახლაც ვიმეორებ, რომ ამაზე საგამოძიებო კომისია უნდა შექმნილიყო. მე ვფიქრობ, რომ ახლაც შესაძლებელია, მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, თუმცა საგამოძიებო კომისიის შექმნის ალბათობა არ არის. იმედი მქონდა, რომ გავიტანდი ამ საკითხს, აუცილებლად დავაყენებდი ისევ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს.
ზედამხედველობის სამსახურის შექმნაზე მივიღეთ კანონი, პრეზიდენტმა დაადო ვეტო, გადავლახეთ, მერე საკონსტიტუციომ შეგვიჩერა ყველაფერი. ეს ყველაფერი მიზანმიმართულად მიდიოდა. ქადაგიძის აზრს ემთხვეოდა პრეზიდენტის ვეტო, დაემთხვა ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ეს ყველაფერი ერთად ლარის კურსს აფუჭებდა. რატომ არ დასვით მაშინ კითხვა, რომ საეჭვოდ ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს იღებდნენ სინქრონში, შეხმატკბილებულად? - მიპასუხეთ. ჩემი აზრით ეს სამნი, პირდაპირ თუ ირიბად, თანამონაწილეები იყვნენ ლარის გაუფასურების.
გამოდის ახლა ქადაგიძე და იძახის, „ფურთხის ღირსი ხარ შენ, საქართველოო". გეგონება, აკაკი წერეთელი მყავდეს, მგონი, მარტო აკაკი წერეთელი აქვს წაკითხული..." - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.