logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო ყოველთვის იდგა ებრაელი ხალხის გვერდით და ასე იქნება მომავალშიც
- +

24 დეკემბერი. 2016. 23:13


 

„არ არსებობს დედამიწის ზურგზე არც ერთი სხვა ერი, რომელთანაც შეიძლება ამდენი საერთო ჰქონდეს საქართველოს - ეს არის ებრაელი ერი, რომელთანაც ათობით საუკუნის მეგობრობა გვაკავშირებს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ოპერის სახელმწიფო თეატრში განაცხადა, სადაც ის ხანუქას დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.


გიორგი კვირიკაშვილი დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და საღამოს ორგანიზებისთვის „საქართველო ისრაელის ბიზნესპალატის" თავმჯდომარეს იციკ მოშეს მადლობა გადაუხადა.

 

„მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღესასწაული. მინდა ჩვენს მოძმე ებრაელ ერს მივულოცო ხანუქას დღესასწაული. ეს არის განახლების, ეს არის სამართლიანობის, რაც თავისთავად გულისხმობს სინათლის ბნელეთზე გამარჯვების დღესასწაულს. ამ ყველაფერში უდიდესი სიმბოლიზმია ჩადებული. არ არსებობს დედამიწის ზურგზე არც ერთი სხვა ერი, რომელთანაც შეიძლება ამდენი საერთო ჰქონდეს საქართველოს. ეს არის ებრაელი ერი, რომელთანაც ათობით საუკუნის მეგობრობა გვაკავშირებს. ეს არის ის უძლიერესი ემოციონალური საწყისი, რომელზეც დგას ჩვენი მეგობრობა და ძმობა. არ არსებობს არც ერთი სხვა სახელმწიფო, რომლის გამოცდილებაც ასე მიესადაგება საქართველოს არა მხოლოდ გამოწვევების, არამედ შესაძლებლობების კუთხით. ამიტომ მე ვისურვებდი, რომ 2017 წელი ყოფილიყოს იმ უდიდესი მეგობრობის, ძმობის, რომელიც ჩვენს ერებს შორის არსებობს, ასევე დიდ პარტნიორობაში და სახელმწიფოთა შორის ძალიან ფართო თანამშრომლობაში ტრანსფორმაციის წელი. ეს ყოფილიყოს დასაწყისი უდიდესი თანამშრომლობის, რომლის შედეგიც იქნება ჩვენი ორივე ქვეყნის უდიდესი წარმატება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ისრაელი არის სტარტაპ ქვეყანა - ასეა ცნობილი მთელ მსოფლიოში და საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა, რომ ისრაელის დახმარებით, მისი გამოცდილების გამოყენებით გახდეს ასეთივე ძალიან დიდი, ძლიერი სახელმწიფო, როგორი დღეს არის ისრაელი.


„ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ჩვენი ებრაელი მეგობრების, ჩვენი მოძმე ერის დახმარების. იცოდეთ, რომ საქართველო ყოველთვის იდგა ებრაელი ხალხის გვერდით და ასე იქნება მომავალშიც", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.


ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს-პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მინისტრები, პარლამენტარები, საქართველოში ისრაელის ელჩი შაბთაი ცური, ისრაელიდან ჩამოსული დელეგაცია და სხვა სტუმრები. ისრაელის დელეგაციის მონაწილეობით, საზეიმო ვითარებაში ხანუქას პირველი სანთელი აინთო.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner