საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი ქრისტეშობის საზეიმო ლიტურგიას ღვთისმშობლის ამაღლების სახელობის თბილისის კათოლიკურ ეკლესიაში დაესწრო.
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა საზეიმო ლიტურგიაზე დამსწრე მრევლს პრეზიდენტის მილოცვა გააცნო და ლიტურგიის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის მილოცვა კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსს ჯუზეპე პაზოტოს პირადად გადასცა.
„დღეს ჩვენ აქ ვართ იმიტომ, რომ ჩვენს თანამემამულეებს, კათოლიკეებს და ყველას, ვინც დღეს აღნიშნავს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, პრეზიდენტის სახელით მივულოცოთ და ვუსურვოთ მათ ჯანმრთელობა, ბედნიერება და რაც მთავარია, მშვიდობა. ეს წელი იყო ძალიან მძიმე, იმიტომ რომ ჩვენ გავხდით მომსწრენი იმის, რაც ხდება მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით სირიაში. მე მინდა, ყველას გისურვოთ მშვიდობა, მიუხედავად რელიგიური მრწამსისა, თუ ეროვნებისა", - განაცხადა სოფიო შამანიდმა.