ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც გამზარდია აცხადებს, ირაკლი ღარიბაშვილის კარიერა პარლამენტში უფრო წარმატებული იქნება, ვიდრე პრემიერ-მინისტრის პოსტზე იყო. ამის შესახებ გამზარდიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აქვე იმ შესაძლო ვარიაციებზე გაამახვილა ყურადღება, რაც ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას უკავშირდება.
„თუკი ღარიბაშვილი კვლავ დაინტერესდა პოლიტიკაში მოღვაწეობით, ვიტყოდი, რომ მისი ადგილი პარლამენტში უფროა, ვიდრე პრემიერად იყო. ზუსტად იმას, რასაც მას უწუნებდნენ, ხისტ განცხადებებს, ეს პარლამენტში გამოადგება. ღარიბაშვილს ხისტი განცხადებები პარლამენტში ოპონენტებთან სიტყვიერ პაექრობაში გამოადგება. რასაც მას ნაკლად უთვლიდნენ, როგორც პრემიერს, შესაძლოა, მისთვის მომგებიანი აღმოჩნდეს, როგორც პარლამენტის წევრისთვის.
რაც შეეხება გადათამაშების პრინციპს, რამდენიმე ვერსიამ გამიელვა თავში. ჩემი აზრით, თუკი ღარიბაშვილი „ქართულ ოცნებაში" დაბრუნდება, დიდი ალბათობაა, რომ ამით რესპუბლიკურ პარტიას წასვლისკენ მიანიშნონ.
საკმაოდ საინტერესო იქნებოდა, ირაკლი ღარიბაშვილი ახალი პარტიით წარმოდგენილიყო. ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნების" ძირითადი მხარდამჭერები გადანაწილდებოდნენ ირაკლი ღარიბაშვილისკენ. მისი პარტია მიიღებდა ხმების მნიშვნელოვან ნაწილს. კოალიცია „ქართულ ოცნებაში" დარჩებოდა ხმების ნაკლები რაოდენობა და შესაბამისად, იქაც „ქართული ოცნების" კვოტა უფრო მეტი გავიდოდა. ყველა სხვა დანარჩენი პარტიების კვოტა უფრო მცირე იქნებოდა. ამ მხრივ, ორი კურდღელის დაჭერა გახდებოდა შესაძლებელი", - განაცხადა არჩილ გამზარდიამ.