logo_geo
eng_logo
საქართველო-NATO-ს სამხედრო თანამშრომლობის გაზრდის გამო რუსეთი შეშფოთებულია
- +

24 მარტი. 2016. 14:35



რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის დისკუსიების რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ჟენევის დისკუსიებზე რუსეთის, ასევე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოთქვეს საქართველოსა და NATO-ს შორის თანამშრომლობის გააქტიურების გამო.


დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოთქვეს „საქართველოს პანკისის ხეობის რაიონში ისლამური სახელმწიფოსთვის ტერორისტების მომზადების შესახებ არსებული ინფორმაციის გამო".


„თბილისის მხრიდან ორივე დამოუკიდებელი რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული პრეტენზიების გათვალისწინებით, ქართული არმიის პოტენციალის გაძლიერება და NATO-საქართველოს ერთობლივი სამხედრო წვრთნების რიცხვის ზრდა სოხუმსა და ცხინვალში საფუძვლიან შეშფოთებას იწვევს, კავკასიაში ვითარების სტაბილიზაციისკენ მიმართულ მრავალმხრივ ძალისხმევას საფრთხეს უქმნის. სამხრეთ ოსეთმა ასევე გამოთქვა შეშფოთება საქართველოს პანკისის ხეობის რაიონში „ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტების მომზადების შესახებ არსებული ინფორმაციის გამო".

 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ შეხვედრა „კონსტრუქციულ სამუშაო ატმოსფეროში" გაიმართა.

 

„მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ რეგიონში ვითარება მშვიდი და სტაბილური რჩება. სოხუმს, თბილისსა და ცხინვალს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვანი მაჩვენებელი გახდა 10 მარტს პატიმრების სამმხრივი გაცვლა", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


ჟენევის მოლაპარაკებების  რაუნდი საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის, გაერო-ს, ეუთო-ს, ევროკავშირისა და ოკუპირებული  დე-ფაქტო რესპუბლიკების წარმომადგენლების მონაწილეობით 22-23 მარტს გაიმართა.


მოსკოვში შეშფოთებულები არიან „საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვარზე პროვოკაციების გაგრძელების გამო, კერძოდ, გამაფრთხილებელი საინფორმაციო ნიშნების დაზიანების, ასევე საქართველოს მოქალაქეებისა და ევროკავშირის მისიის დამკვირვებლების სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არასანქცირებული შეღწევის გამო".


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი ივნისში გაიმართება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner