logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: ჩვენი მიზანია, მიტარბი ბაკურიანთან ერთად ოთხსეზონიანი კურორტი გახდეს
- +

25 დეკემბერი. 2016. 21:35


 

 

30 წლიანი  პაუზის შემდეგ კურორტი მიტარბი კვლავ მიიღებს ვიზიტორებს - 25 დეკემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ"  კურორტი მიტარბი ოფიციალურად გახსნა.


ღონისძიებას საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და სხვა ოფიციალური პირები  დაესწრნენ. მთავრობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ახალი სასრიალო ტრასა და ახლადაშენებული საბაგიროთი თავადაც იმგზავრეს.

 

„მიტარბის კურორტის გაცოცხლება 30 წლის შემდეგ - ეს არის ახალი ეტაპი მიტარბის განვითარებაში. მინდა აღვნიშნო, რომ ზუსტად ორი წლის წინ ბაკურიანში შედგა შეხვედრა მოსახლეობასთან, სადაც ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა ხალხს პირობა მისცა,  რომ ეს კურორტი ამოქმედდებოდა და დღეს ჩვენ ყველა ვართ ამ პირობის შესრულების მოწმენი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, განსაკუთრებით ზამთრის ტურიზმის განვითარებისთვის. ეს არის კიდევ ერთი წინგადადაგმული ნაბიჯი, რომ მიტარბი ბაკურიანთან ერთად გახდეს ოთხსეზონიანი კურორტი. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითი კერძო და სახელმწიფო პარტნიორობის. ამ კურორტთან დაკავშირებით 2017 წელსაც ძალიან ბევრი გეგმები გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ყოველ წელს  მიტარბი იქნება უკეთესი, მოიზიდავს კიდევ უფრო მეტ ტურისტს და უფრო მეტ წვლილს შეიტანს ქართული ეკონომიკის განვითარებაში", - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს გიორგი გახარიამ.


ეკონომიკის სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ინფორმაციით, დაბა მიტარბის ტერიტორიაზე ორი ახალი  საბაგირო და ერთი ბიგელი აშენდა.  მშენებლობა განახორციელა   „Black sea Group"-მა, კურორტზე დამონტაჟდა მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებლის, „Doppelmayr"-ის საბაგირო.


მიტარბში ასევე  აშენდება 2000 საწოლზე გათვლილი ტურისტული ინფრასტრუქტურა - სასტუმროები, აპარტოტელები, კოტეჯები, კვებისა და გასართობი ობიექტები,  რაც ხელს შეუწყობს სამთო-სათხილამურო ტურიზმის განვითარებას საქართველოს ისტორიულ კურორტ ბაკურიანში.


პროექტი  სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობით ხორციელდება.


კოხტა-მიტარბის საბაგიროების მშენებლობის პროექტი მთავრობამ  48 მილიონი ლარით დააფინანსა,  კერძო ინვესტორი კი, კომპანია „ახალი მიტარბი" 70 მილიონი ლარის ინვესტიციას  განახორციელებს.   ეს ერთ-ერთი მსხვილი ინვესტიციაა  სამთო-სათხილამურო  ტურიზმის აღორძინების კუთხით.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner