26 დეკემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში, გაიმართება საზეიმო მიღება, რომელიც ქართული ანბანის მსოფლიოს არამატერიალური კულტურულ მემკვიდრეობად გამოცხადებას ეძღვნება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.
ღონისძიების მასპინძელია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, მხარდამჭერები - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თიბისი ბანკი.
ღონისძიებაზე შედგება წიგნის „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა" პრეზენტაცია, სადაც შეტანილია ქართული ანბანის ისტორია მისი სათავეებიდან დღემდე. წიგნი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ, თიბისი ბანკის დაფინანსებით გამოიცა. ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ქართული არამატერიალური მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სამივე ელემენტი: ქვევრის ღვინო, ქართულ მრავალხმიანობა და ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა.
თიბისი ბანკი პროექტში #წერექართულად ინიციატივის ეგიდით მონაწილეობს. #წერექართულად ქართული ანბანის პოპულარიზაციისათვის შექმნილი პროექტია, რომელიც თიბისი ბანკმა გასულ წელს დაიწყო და მისი მიზანი ქართული ანბანის გაცოცხლება, მისი პოპულარიზება, ციფრულ სამყაროში გადატანა და გამდიდრებაა.
ქართული ანბანის მსოფლიო მემკვიდრეობად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება 30 ნოემბერს, ეთიოპიის დედაქალაქ ადის აბებაში UNESCO-ს არამატერიალური მემკვიდრეობის მთავრობათაშორისმა კომიტეტმა მე-11 სესიაზე მიიღო. შედეგად, ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა შეტანილი იქნა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში.