მოსკოვის სამ სარკინიგზო სადგურზე - იაროსლავსკაია, კაზანსკი და ლენინგრადსკი - მგზავრთა ევაკუაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ BBC რუსეთის რკინიგზის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება.
რუსეთის სარკინიგზო სადგურების დირექციის პრესსამსახურის ცნობით, ისინი „არ ფლობენ ინფორმაციას" ევაკუაციის მიზეზებთან დაკავშირებით.
რუსულ მედიას თვითმხილველებმა აცნობეს, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები მათ ევაკუაციის მიზეზად ანონიმურ ზარს ასახელებენ, რომლის თანახმად სადგურებზე აფეთქების საფრთხე არსებობს.
მოსკოვის ცენტრში „კომსომოლსკაიას" ვაგზალზე ნაღმის არსებობის შესახებ ინფორმაცია პოლიციას ანონიმურმა პირმა ტელეფონით აცნობა.
„უსაფრთხოების მიზნით სამივე სადგურიდან ვახორციელებთ მგზხავრთა ევაკუაციას. ადგილზე გამოძახებული კინოლოგები ტერიტორიას ამოწმებენ. მიმდინარეობს ანონიმური ზარის ავტორის სამძებრო სამუშაოები", - უთხრეს რუსული მედიის წარმომადგენლებს ძალოვან უწყებაში.
კომსომოლსკაიას მოედანზე მისულია პოლიცია, მაშველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მოსკოვში არაერთხელ გახდა საჭირო ადამიანების ევაკუაცია სადგურებიდან და სავაჭრო ცენტრებიდან. ყველა შემთხვევაში მიზეზი ანონიმური ზარი იყო.
მსგავსი ანონიმური ზარისთვის დამნაშავე რუსეთის კანონმდებლობით 5 წლამდე პატიმრობით ისჯება.