სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს ღორებთან დაკავშირებულ რეგულაციებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „თემა არასწორად წარმოჩნდა".
„ვინც ასეთი მახინჯი ფორმით მოახდინა ამ თემის ტირაჟირება, ეს არის აბსოლუტური უპასუხისმგებლობა, სიტყვა „პასპორტი" დოკუმენტში მაჩვენეთ სადმე და მაშინ სხვანაირად გიპასუხებთ", - განაცხადა მინისტრმა.
მისივე განმარტებით, აღრიცხვა-იდენტიფიკაციის წესი ვრცელდება ყველა ცხოველზე და უკავშირდება მათი ჯანმრთელობის კონტროლს. ლევან დავითაშვილის განცხადებით, კონტროლი აუცილებელია იქედან გამომდინარე, რომ საქართველოს სურსათის უვნებლობა იყოს ევროპის მოთხოვნებთან შესაბამისობაში, მომხმარებელთა უფლებები კი - დაცული.
„ეს არის აღრიცხვა-იდენტიფიკაციის წესი, რომელიც ყველა სხვა ცხოველსაც უკავშირდება, რაც ცხოველთა ჯანმრთელობის კონტროლისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საბოლოოდ, უსაფრთხო სურსათი ჰქონდეს მოსახლეობას. ეს არის ის, რომ ჩვენი სურსათის უვნებლობა იყოს შესაბამისობაში ევროპის მოთხოვნებთან და ჩვენც ისეთივე დონის სურსათის უვნებლობის სტანდარტები გვქონდეს ქვეყანაში, როგორიც ევროკავშირს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.