logo_geo
eng_logo
პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე პასუხისმგებლობა მკაცრდება
- +

24 მარტი. 2016. 15:46



პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში მზად არის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას და შესაბამისი ქმედების მძიმე კატეგორიის დანაშაულში გადაყვანას ითვალისწინებს. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილია ცვლილებები, რომლის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლიდან პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის გამიჯვნა ხდება.



პროექტის მიხედვით, კოდექსს ახალი მუხლი ემატება, რომელიც ითვალისწინებს პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფაზე მკაცრი სასჯელების განსაზღვრას. კომიტეტის მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელისწვდომობის სხვაგვარად უზრუნველყოფა დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე.



პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, იქნება დასჯადი თავისუფლების აღკვეთით ვადით 5-დან 8 წლამდე.



აღნიშნული ქმედება ჩადენილი ანგარებით, არაერთგზის გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას - თავისუფლების აღკვეთით 6-დან 9 წლამდე.



ამასთან, პროექტის მიხედვით, ზემოაღნიშნული ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც სამსახურებრივი მდგომარეობის, პროფესიული საქმიანობის ან სხვა გარემოების გამო ამ საიდუმლოს დაცვა ევალებოდა ან რომელმაც აღნიშნული ქმდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩაიდინა - დაისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 10 წლამდე ვადით.


ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი მომზადებული პროექტის პარლამენტში ინიცირების საკითხზე დღეს იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner