საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ნოდორალური დერმატიტის საწინააღმდეგოდ 200 ათასამდე პირუტყვი უკვე ვაქცინირებულია.
„მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე ვაქცინირებულია 200 ათასამდე პირუტყვი. მთლიანად 360 ათასი სული პირუტყვის აცრაა დაგეგმილი. სურსათის ეროვნული სააგენტო პრევენციულ ღონისძიებებს ყოველწლიურად ახორციელებს და აცხადებს, რომ პირუტყვის აღნიშნული დაავადება ადამიანისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. გასულ წელს მეზობელ ქვეყნებში გავრცელებული დაავადების გამო, სააგენტომ მიიღო შესაბამისი ზომები და მსხვილფეხა პირუტყვი აიცრა სასაზღვრო პერიმეტრზე, რითაც აღიკვეთა ნოდულარული დერმატიტის საქართველოში გავრცელება. პროფილაქტიკური და სავალდებულო აცრები დაავადების საწინააღმდეგოდ გრძელდება",-ნათქვამია სამინისტროს ინფომაციაში.
შეგახსენებთ, რომ რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, საქართველოს ტერიტორიაზე მსხვილფეხა საქონელში ნოდულარული დერმატიტის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციაში საქართველოდან დაავადებისადმი მგრძნობიარე საქონლის შეტანაზე შეზღუდვები დაწესდა.