რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, აშშ-ის სამხედრო ბიუჯეტის საკითხთან დაკავშირებით განცხაებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მოსკოვისთვის გაუგებარია, რანაირად უქმნის რუსეთი საფრთხეს NATO-ს წევრ ქვეყნებს, როდესაც აშშ და მისი მოკავშირეები ავლენენ გაზრდილ სამხედრო აქტიურობას.
„გაუგებარია, რანაირად ვუქმნით საფრთხეს NATO-ს წევრი ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ზუსტად, რომ ამერიკელები და მათი მოკავშირეები ავლენენ გაზრდილ სამხედრო აქტიურობას, აფართოებენ ალიანსის საზღვრებს და თავიანთ სამხედრო პოტენციალს ჩვენს საზღვრებს უახლოვებენ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვიწევს მოვლენების ასეთი განვითარების გათვალისწინება ჩვენი შეიარაღებული ძალების მშენებლობის პროგრამების რეალიზაციისას", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
24 დეკემბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ხელი მოაწერა კანონს აშშ-ის 2017 ფინანსური წლის სამხედრო ბიუჯეტის შესახებ. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, აკრძალულია თანხების გამოყოფა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის სამხედრო თანამშრომლობაზე. ეს შეზღუდვა იქამდე იმოქმედებს, ვიდრე პენტაგონი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებით არ შეატყობინებს აშშ-ის კონგრესს იმის თაობაზე, რომ მოსკოვმა შეწყვიტა „უკრაინის ტერიტორიის ოკუპაცია და აგრესიული ქმედებები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან უკრაინისა და NATO-ს წევრების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას".