logo_geo
eng_logo
ბექა ნაცვლიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
- +

24 მარტი. 2016. 16:33



თბილისის საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიერ სოფელ ფონიჭალაში არსებული ინფრასტრუქტურული ვითარების შესახებ გავრცელებულ განცხადებას უსაფუძვლოს უწოდებს და ოპონენტ კოლეგებს მოსახლეობისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში ადანაშაულებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, დეპუტატმა საგანგებო განცხადება გააკეთა.


მისი თქმით,  სოფელ ფონიჭალაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს.

 

„გუშინ ერთ-ერთი მედიასაშუალების  ეთერით  „ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა მორიგი ტყუილი გაავრცელეს, რომელიც  სოფელ ფონიჭალის დასახლებაში  გაზისა და კანალიზაციის სისტემის გაუმართაობას შეეხებოდა. 

 

„ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა, მოსახლეობის მოთხოვნებს მთავრობის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია, სოფელ ფონიჭალის მცხოვრებლებიც  არ  ეთანხმებიან.

 

აქ არიან ზუსტად იმ ქუჩის მაცხოვრებლები, სადაც 1992 წლიდან თვითნებურად ხდებოდა გაზის გაყვანა.

 

პრობლემის მოგვარების მიზნით და ჩვენი მხრიდან  მყისიერი რეაგირების შედეგად, კომპანია „ყაზტრანსგაზი" 5000 გრძივი მეტრი მილის გამოცვლის სამუშაოებს უახლოეს მომავალში დაიწყებს, რომლის დასრულების შემდეგ მოსახლეობა ბუნებრივ აირს სრულფასოვნად, მაღალი წნევით  მიიღებს", - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.


დეპუტატი კანალიზაციის  თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ სამუშაოები რამდენიმე დღის წინ დაიწყო და უახლოეს მომავალში დასრულდება.


„სოფელ ფონიჭალაში კანალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების მიზნით, რომელიც ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის"' დროს უნდა მოწესრიგებულიყო, მონტაჟდება 40 მეტრი მილი, რომელიც კანალიზაციას გარდაბნის საკანალიზაციო მაგისტრალთან დახურული წესით დააკავშირებს. გამომდინარე აქედან, მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, ნუ შეწუხდებიან სიცრუის ტირაჟირებით", - აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა. 


დეპუტატი სოფელ ფონიჭალას დღეს პირადად ეწვია, მიმდინარე სამუშაოები მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერა და დეტალურად ისაუბრა როგორც შესრულებულ, ასევე განსახორციელებელ პროექტებზე.


ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით,  სოფელ ფონიჭალაში, რუსთაველის ქუჩაზე 3545მ2, გუმისთის ქუჩაზე  795მ2, ხოლო იეთიმ გურჯის I შესახვევში 867 მ2 გზებზე  უკვე დასრულდა ასფალტის  დაგება. ამ დროისათვის კი გზის საფარის მოწესრიგება   შემდეგ ქუჩებზე მიმდინარეობს: თავისუფლების ქუჩა 990 მ2, ბედიას ქუჩა 1680 მ2, აღმაშენებლის ქუჩა 300 მ2,  სოფელი ჭალა 5000 მ2,  გურამიშვილის ქუჩა 1300 მ2.


მისივე თქმით, სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები ერთდროულად ზემო და ქვემო ფონიჭალაში მიმდინარეობს, ხოლო გოგებაშვილის ქუჩაზე 40  მეტრი გზის საყრდენი კედლის მოწყობა-რეაბილიტაცია ხორციელდება.


რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, დეპუტატის განცხადებით, მომზადებულია 4 პროექტი, რომელიც თავისუფლების, კელასურის, გურამიშვილისა და ცურტაველის   ქუჩებს საკანალიზაციო ქსელის პრობლემებს  მთლიანად  მოუწესრიგებს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner