განათლების და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ სოფლის სკოლების რაოდენობა უნდა გაიზარდოს და ისინი კულტურულ ცენტრებად უნდა ჩამოყალიბდეს.
„ვაპირებთ მცირე, სოფლის სკოლები გავხადოთ ყველაზე მაგარი სკოლები ამ ქვეყანაში. ვიცით, რომ ეს უშუალო კავშირშია დემოკრატიასთან, ქართული სოფლის შენარჩუნებასთან. მთავრობის და მთლიანად გუნდის ძალიან მტკიცე გადაწყვეტილება არის, რომ არათუ შევამციროთ და დავასუსტოთ სოფლებში სკოლები, არამედ მათი რაოდენობა გაიზარდოს, ისინი იყოს ყველაზე ძლიერი, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე პედაგოგების თვალსაზრისით. ვაპირებთ, რომ ეს სკოლები იყოს კულტურული ცენტრები ამ სოფლებში. სკოლებში უნდა იყოს ბიბლიოთეკა, კომპიუტერის ცენტრი, უცხო ენების ცენტრი და ა.შ.", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მინისტრის თქმით, 2017 წელს პირველი ასეთი სკოლები უკვე გამოჩნდება, ხოლო მომდევნო წლებში მათი რაოდენობა გაიზრდება.