ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ იურიდიულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, განაცხადა, რომ უძრავი ქონების ფასდადება არის ერთ-ერთი შემადგენელი ე.წ. ლარიზაციის გეგმის.
მისი თქმით, რეფორმის სხვა ელემენტები მიმართულია იმისკენ, რომ ლარში სესხების ხელმისაწვდომობა გაიზარდოს კონკრეტული მექანიზმებით.
„ლარის რესურსი უნდა გაჩნდეს იმისთვის, რომ ლარის სესხი იყოს ხელმისაწვდომი, როგორც მყიდველისთვის იპოთეკური სესხის ასაღებად, ასევე დეველოპერული კომპანიისთვის. „ლარიზაციის" პროექტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომ კურსის რყევის რისკები უფრო მეტი იყოს იმ მხარეზე, ვისაც ამ რისკების მართვა უკეთ შეუძლია.
დღეს გვაქვს გარემოება, როდესაც ლარის რისკი რეალურად გადმოტანილია მოსახლეობის მხარეს. ამიტომ, ყველა ეს რეგულაცია მიმართულია ეფექტურობის ზრდისკენ, ანუ რისკები მართოს მან, ვინც უკეთ იცის - ეს არის დედოლარიზაციის პრინციპი", - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.
იურიდიულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს ავტორობით შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი განიხილება.