საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ცუცქირიძე ეროვნული ვალუტის რყევას შექმნილ აჟიოტაჯს უკავშრებს და აცხადებს, რომ ლარის კურსის გამყარების ტენდენცია აუცილებლად გაგრძელდება.
ცუცქირიძის თქმით, ლარი რომ გამყარდებოდა, ამას ხელისუფლებაც ამბობდა და ეროვნული ბანკიც.
„ლარის კურსზე პირველ რიგში ფუნდამენტური ფაქტორები მოქმედებს ეკონომიკის, როგორიც არის, მაგალითად ექსპორტის, ფულადი გზავნილების მაჩვენებლები, რომელიც გაუმჯობესებული იყო. ამას ემატება კიდევ ახალი წლის ეფექტიც, როდესაც ლარზე მოთხოვნა იზრდება. თუმცა, საქმე ის არის, რომ აჟიოტაჟი რომელიც შეიქმნა, ეს იყო წმინდა წყლის არასწორი მოლოდინები, და არანაირი კავშირი არ ჰქონდა რეალურ ეკონომიკურ სიტუაციასთან", - განაცხადა ცუცქირიძემ.
მისი თქმით, მსგავსი აჟიოტაჟი ყოველთვის საკმაოდ დიდი ზარალის მომტანია, ვინც მას წამოეგება და ამის გათვალისწინებით ახორციელებს ოპერაციებს.
„მოლოდინი დღეს არის პოზიტიური. უნდა ველოდოთ არათუ სტაბილიზაციას ლარის, არამედ უფრო გამყ6არებას", - აღნიშნა ბანკების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, 28 დეკემბერს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6683 ლარი იქნება. აქამდე მოქმედი კურსით დოლარი 2.7302 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებით 0.0619-ით გამყარდა. ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 2.7889 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 2.8520 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0631-ით გამყარდა.