თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს თავმჯდომარე თემურ თორდინავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საბავშვო ბაღების ის თანამშრომლები, რომლებიც ხელს შეუშლიან ბაღების ფუნქციონირებას, მკაცრად აგებენ პასუხს და გათავისუფლდებიან დაკავებული თანამდებობებიდან.
„ბოლო დროს გათავისუფლებული რამდენიმე ბაღის დირექტორი ცდილობს, პროცესები პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანოს. ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც შეეცდება პროცესების გადაყვანას პოლიტიკურ ჭრილში, მკაცრად აგებს პასუხს შინაგანაწესისა და წესდების შესაბამისად და გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.
83-ე, 90-ე და 92-ე ბაღებში შეიქმნა შეფერხება, მაგრამ ხვალიდან სამივე ბაღში ჩვეულებრივად აღდგება სააღმზრდელო პროცესი.
სააგენტოს ცხელ ხაზზე შემოდის არაერთი ზარი, რომლითაც მშობლები გვატყობინებენ, რომ ბაღის ადმინისტრაცია არ იღებს ბავშვს ბაღში. მშობლები არიან შეშფოთებულები და გვთხოვენ. სასწავლო-სააღმზრდელო პროცესების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ზომები მივიღოთ. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მოუწოდებს ბაგა-ბაღების ყველა თანამშრომელს, ნუ ჩაერთვებიან ხელოვნურად მართულ პროცესებში. ნუ ჩაშლიან სააღმზრდელო პროცესს და ნუ შეუქმნიან მშობლებს დისკომფორტს თავიანთი უპასუხისმგებლო საქციელით. გვინდა. მოგმართოთ, რომ თუ კიდევ გაგრძელდება სააღმზრდელო პროცესის ჩაშლის მცდელობა, ნებისმიერი თანამშრომელი აგებს პასუხს საბავშვო ბაღის წესდებისა და შინაგანაწესის შესაბამისად სააღმზრდელო პროცესის ჩაშლისთვის. მოგიწოდებთ. პასუხისმგებლობით და კეთილსინდისიერად მოეკიდოთ თქვენს სამუშაოს, დაკისრებულ მოვალეობას და ნუ ჩაერთვებით პროცესების პოლიტიზების მცდელობაში", - განაცხადა თემურ თორდინავამ.