თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, სადაც 2016 წლის მუშაობა შეაჯამა, განაცხადა, რომ თბილისის ზღვის განაშენიანების გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასრულდა.
მისი თქმით, თბილისის ზღვის განაშენიანების გენერალური გეგმა ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია.
„საახალწლო ღონისძიებების დასრულების შემდეგ თბილისის ზღვის განაშენიანების გენერალურ გეგმას საზოგადოებას და ბიზნესწრეებს წარვუდგენთ, რათა თითოეულმა მათგანმა იპოვოს თავისი როლი და შესაძლებლობა თბილისის ზღვის გარშემო. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამომავლო განვითარების პროექტი. სწორი განვითარება ამ ადგილს განსაკუთრებულ მიმზიდველობას შესძენს მისი რეკრეაციული ფუნქციის შენარჩუნებით", - განაცხადა დავით ნარმანიამ.