თურქული სახელმწიფო სააგენტო Anadolu-ს ცნობით, თურქეთმა და რუსეთმა სირიაში ცეცხლის შეწყვეტის საყოველთაო გეგმა შეათანხმეს.
დოკუმენტის თანახმად, დაპირისპირებულ მხარეებს შესთავაზებენ 29 დეკემბრის შუაღამიდან საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას. აღნიშნული ინფორმაცია რუსეთსა და თურქეთს ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ.
თურქული მედიის ცნობით, ანკარასა და მოსკოვის მიერ შეთანხმებულ სამშვიდობო გეგმას სირიის კონფლიქტის მხარეებს წარუდგენენ. სამშვიდობო შეთანხმება არ გავრცელდება ტერორისტულ დაჯგუფებებზე.
2017 წლის იანვარში ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში სირიის კონფლიქტის დარეგულირების საკითხზე მოლაპარაკებების გამართვა იგეგმება. მოლაპარაკებებში შუამავლის როლის შესრულებას რუსეთი და თურქეთი აპირებენ. აღსანიშნავია, რომ რუსეთი სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს უჭერს მხარს, თურქეთი კი სირიელ ამბოხებულებს.