სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა გადაცემა 2030-ში განაცხადა, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში ადამიანის უფლებები მაქსიმალურად იქნას დაცული.
„ადრე, დაწესებულებაში დირექტორი ჭეშმარიტების ბოლო ინსტანცია იყო და როცა თანამშრომელი სამსახურში მიდიოდა, მან იცოდა, რომ დირექტორის ნებისმიერი, კანონიერი თუ უკანონო ბრძანება უნდა შეესრულებინა. ახლა, თავისი უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ზღვარი თითოეულმა თანამშრომელმა იცის და თუ ის თავის უფლებამოსილებას გააბიჯებს, პასუხიმგებლობა მთლიანად მას დაეკისრება", - განაცხადა კახიშვილმა.
მისი თქმით, კანონის მოთხოვნების დაცვის მიზნით, სისტემაში თანამშრომლებისა და პატიმრების მიმართ უკომპრომისო მიდგომა არსებობს.
„არის შემთხვევები, როცა პატიმრები განცხადებებს წერენ. ეს განცხადებები უმეტესად, განსაკუთრებული რისკის დაწესებულებიდან იწერება, რათა შეგნებულად შექმნან სურათი, თითქოს, ვიღაც მათი უფლებების შელახვას ახდენს. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ყურადღება მიიქციონ და მერე გევაჭრონ, რომ ღია ტიპის დაწესებულებაში გადაიყვანო. კანონის მოთხოვნა არსებობს როგორც პატიმრის, ასევე თანამშრომლის მიმართაც. იქ, სადაც ვალდებულება არ არის, უფლებაც არ არსებობს. არ შეიძლება, უფლება ვალდებულების გარეშე წარმოიქმნას. ვალდებულება და უფლება აქვთ როგორც თანამშრომლებს, ასევე - პატიმრებს", - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა.
როგორც მან აღნიშნა, შესაძლოა, რაღაც მოხდეს. რომელიმე თანამშრომელს ან პატიმარს ნერვებმა უმტყუნოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ურთიერთდამოკიდებულება ღირსების შემლახავი უნდა იყოს.
„კანონის დამრღვევი თანამშრომლებისა და პატიმრის მიმართ კანონით დადგენილი სანქციები არსებობს. იყო ხოლმე შემთხვევა, როცა თანამშრომელი ამბობდა, რომ პატიმარმა დედა შეაგინა, მაგრამ ოფიცრის მუნდირი იმისთვის არ არსებობს, რომ თუ პატიმარმა დედა შეგაგინა, შენც შეაგინო, ან ხელი გაარტყა, ამისთვის ქუჩა არსებობს. არის ხოლმე გადაცდომები, მაგრამ ამ საკითხებს გენერალური ინსპექცია სწავლობს და არსებული რეგულაციების დარღვევის გამო, სისტემაში ძალიან ბევრი თანამშრომლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგა", - განაცხადა კახიშვილმა.