აშშ-ის სახელმწიფო მდივანის ჯონ კერის განცხადებით, იერუსალიმი უნდა გახდეს ორი სახელმწიფოს დედაქალაქი.
„იერუსალიმი უნდა გახდეს ორი სახელმწიფოს დედაქალაქი. ჩვენ დიდი პატივისცემით ვეპყრობით ისრაელის ღრმა, ისტორიულ და რელიგიურ კავშირებს ამ ქალაქთან და მის წმინდა ადგილებთან", - განაცხადა კერიმ.
ჯონ კერიმ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში სიტყვით გამოსვლისას განმარტება გააკეთა რატომ შეიკავა ამერიკულმა დელეგაციამ თავი გასულ კვირას გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ისრაელთან დაკავშირებული რეზოლუციის კენჭისყრისას.
„აშშ-სთვის ეს გადაწყვეტილება არ იყო მარტივი. აშშ-ს არ მოუმზადებია და არ წამოუყენებია ეს რეზოლუცია. ჩვენ ასევე უარვყოფთ იმ თვალსაზრისს, რომლის თანახმად, აშშ რამე კუთხით ამ რეზოლუციის სულისჩამდგმელი იყო.
ვაშინგტონი სხვა ქვეყნებს ეუბნებოდა, რომ არ დაბლოკავს რეზოლუციას, თუ „ის დაბალანსებული და სამართლიანი იქნება. ჩვენ უარვყოფთ იმის კრიტიკას, რომ ამ კენჭისყრით უარი ვთქვით ისრაელზე. ქვეყანას არ შეუძლია ხმის მიცემა საკუთარი პოლიტიკის საწინააღმდეგოდ. ზუსტად ამიტომაც გადავწყვიტეთ, არ დაგვედო ვეტო გაერო-ს რეზოლუციაზე", - განმარტა კერიმ.
კერი ასევე შეეხო დასახლებების მშენებლობის საკითხს.
„ამ პოლიტიკის გაგრძელება გამოიწვევს „ერთი სახელმწიფოს შეუქცევად რეალობას" ისრაელისა და პალესტინის მშვიდობიანი თანაარსებობის საპირწონედ „ორი სახელმწიფო ორი ხალხისთვის" ფორმულის ფარგლებში. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ღიად უჭერს მხარს „ორი სახელმწიფო ორი ხალხისთვის" პრინციპს, მაგრამ მისი კოალიცია უკიდურესად მემარჯვენე ხედვას უჭერს მხარს, ხოლო მათი დღის წესრიგი ექსტრემისტული ელემენტებითაა გაჟღენთილი", - აცხადებს ჯონ კერი.