ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე პროკურორები ადვოკატებს საქმის გაჭიანურებაში ადანაშაულებენ. როგორც ამ საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა მაია ჯვარშეიშვილმა განაცხადა, მოცემულ საქმეზე, რომელზეც ბრალი ედებათ კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების მოპოვება-შენახვაში, დაცვის მხარე ცდილობს ხელოვნურად გააჭიანუროს განხილვები, რათა მიაღწიოს იმას, რომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის 9-თვიანი ვადა ამოეწუროთ და ისინი შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე გათავისუფლდნენ. პროკუორორის ინფორმაციით, საქმეზე 6 პროცესი იმის გამო ვერ შედგა, რომ ადვოკატებს სხვადასხვა მიზეზები ჰქონდათ პროცესის გადადებისთვის.
„საქმის განხილვა პრაქტიკულად ერთი თვეა არ განახლებულა იქიდან გამომდინარე, რომ დაცვის მხარე ცდილობს განხილვა გააჭიანუროს და მიაღწიოს იმას, რომ სასამართლომ ვერ შეძლოს კანონით დადგენილ ვადაში შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანა. დაცვის მხარე სამართლებრივ პროცედურებს ვერ უპირისპირებს ბრალდების მხარის მიერ შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ერთადერთი მექანიზმი, რასაც ისინი გვიყენებენ, რაც ჩვენი აზრით, არაეთიკურია, ეს გახლავთ პროცესის გაჭიანურება", - განაცხადა მაია ჯვარშეიშვილმა.
პროკურორის თქმით, ყველა სხდომაზე, რომელიც დანიშნული იყო და ადვოკატების მიზეზით გადაიდო, ბრალდების მხარეს წარმოდგენილი ყავდა 20 მოწმე, რომელთა დაკითხვა ვერ მოხერხდა იმ მიზეზით, რომ დაცვა სხვადასხვა ხერხებით განხილვების გაგრძელების შესაძლებლობას არ იძლეოდა.
„ბრალდების მხარემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამოეწურა მტკიცებულებები, რომლებიც ჩვენს მიერაა მოპოვებული. ერთადერთი სამართლებრივი შედეგი, რომელიც უახლოეს პერიოდში დადგება არის ბრალდებულების მოკლევადიანი გათავისუფლება და ისინი შემაჯამებელ გადაწყვეტილებას თავისუფლებაზე ყოფნაში დაელოდებიან", - განაცხადა პროკურორმა.
სახელმწიფო ბრალდება კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის 6 თანამშრომელს სამოხელეო დანაშაულის ჩადენაში ედავება, კერძოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას დაზარალებულთა პირადი შეურაცხყოფით. კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები სამართალდამცველებმა 2016 წლის აპრილში დააკავეს.