საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პლენუმის დღევანდელ გადაწყვეტილებაზე ინფორმაციას ავრცელებს. გადაწყვეტილებას თან ერთვის საკონსტიტუციო სასამართლოს ორი წევრის ირინე იმერლიშვილისა და მაია კოპალეიშვილის განსხვავებული აზრი.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები - ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები - ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ".
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არაკონსტიტუციურად ცნო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლით დადგენილი წესი, რომელიც ითვალისწინებდა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას 10-წლიანი ვადის გასვლისთანავე.
საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია უფლებამოსილების შეწყვეტა იმ შემთხვევაში, როდესაც შესაბამისი სახელმწიფო ორგანო კანონით დადგენილ ვადაში არ ანაცვლებს მოსამართლეს და ეს, საქმის განხილვისათვის საჭირო კვორუმის არარსებობის გამო, შეუძლებელს ხდის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უფლებამოსილების განხორციელებას. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ასეთ ვითარებაში სადავო ნორმა საფრთხეს შეუქმნიდა საკონსტიტუციო სასამართლოს როგორც ინსტიტუტის ფუნქციონირებას.
სასამართლოს გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად გამოცხადდა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომელიც ადგენდა პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობის თანხმობის საჭიროებას კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად და მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესი, რომელიც ორგანული კანონის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებულ საქმეებზე კონსტიტუციური სარჩელის დასაკმაყოფილებლად აწესებდა პლენუმის 6 წევრის თანხმობის საჭიროებას.
საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ობიექტურ, მიუკერძოებელ განმარტებას და მისი მიღების კონსტიტუციური სტანდარტია გადაწყვეტილების მიღება დამსწრეთა უმრავლესობით. იმავდროულად, კანონმდებლობით შესაძლოა დადგინდეს გარკვეული გამონაკლისი სისტემურ კონსტიტუციურ სამართლებრივი მნიშვნელობის საკითხებთან დაკავშირებით. ამასთან, კონსტიტუციის შესაბამისად იქნა მიჩნეული „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც გარკვეული კატეგორიის საქმეების განხილვის უფლებამოსილებას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომას ესწრება 7 წევრი.
საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რომელიც სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების უფლებამოსილებას ანიჭებდა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რადგან ამ საკითხის განხილვა ხორციელდებოდა ფაქტობრივად ორჯერ - პლენუმისა და კოლეგიის მიერ, რაც აჭიანურებდა საკითხის გადაწყვეტას და, შესაბამისად, ეჭვქვეშ აყენებდა საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის ეფექტურობას.
გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად გამოაცხადა „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესი, რომელიც ითვალისწინებდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სრული ტექსტის სხდომათა დარბაზში გამოცხადების ვალდებულებას. სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ნორმა გაუმართლებლად, არაგონივრულად აფერხებდა სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლას და, ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით პირის უფლების დროულად დაცვის შესაძლებლობას. ამავე დროს, კონსტიტუციის შესაბამისად იქნა მიჩნეული კანონის მოთხოვნა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სრული ტექსტის საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე დაუყოვნებლივ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არაკონსტიტუციურად ცნო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის 53 პუნქტი, რომელიც კრძალავდა ერთი და იმავე პირის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის თანამდებობების ხელმეორედ დაკავებას. ასევე, არაკონსტიტუციურად გამოცხადდა 2016 წლის 1 ოქტომბრამდე მოქმედი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესი, რომლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელება ხდებოდა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შეთანხმებული წინადადებით. ზემოაღნიშნული ნორმები საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების არაგონივრულ შეზღუდვად და საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებელ საქმიანობაში გაუმართლებელ ჩარევად.
საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის შესაბამისად მიიჩნია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესი, რომელიც ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის წევრის უფლებამოსილებას, დააყენოს შუამდგომლობა საქმის პლენუმზე განსახილველად გადაცემის თაობაზე. ასევე, კონსტიტუციის შესაბამისად იქნა მიჩნეული „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის უფლებამოსილებას აკუთვნებს ორგანული კანონის კონსტიტუციურობის საკითხის განხილვას. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, მისი შემადგენლობისა და კომპეტენციების გათვალისწინებით, წარმოადგენს მნიშვნელოვანი საკითხების განმხილველ უმაღლესი კვალიფიკაციის სასამართლო ერთეულს და მისთვის ორგანული კანონის კონსტიტუციურობის საკითხების განხილვის კომპეტენციის მინიჭება შეესაბამება კონსტიტუციას.
გადაწყვეტილებას თან ერთვის საკონსტიტუციო სასამართლოს ორი წევრის განსხვავებული აზრი. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა ირინე იმერლიშვილმა და მაია კოპალეიშვილმა გამოთქვეს განსხვავებული აზრი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად გამოცხადდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის თანამდებობის ხელმეორედ დაკავების ამკრძალავი წესი. ამასთან, მოსამართლე მაია კოპალეიშვილმა გამოთქვა განსხვავებული აზრი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც კონსტიტუციის შესაბამისად იქნა ცნობილი ის ნორმა, რომელიც კოლეგიის წევრს აღჭურავს უფლებამოსილებით იშუამდგომლოს საქმის პლენუმზე განსახილველად გადაცემის თაობაზე", - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.