ავტორი ალა გრიგალაშვილი
საქართველოს პარლამენტი წევრის გუგული მაღარაძე მმართველ პარტიაში ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით „რეპორტიორს" ესაუბრა:
„არ ვიცი, საქმის კურსში არ ვარ ჯერ. დეტალები ჩემთვის უცნობია, რადგან ახლახან ჩამოვედი ბრიუსელიდან. ზოგადად, ყველა ადამიანს აქვს არჩევანის უფლება. მან იმუშავა, მაქსიმალური გააკეთა შესაძლებლობებიდან გამომდინარე. სადაც თვითონ გადაწყვეტს, იქ წავა და განაგრძობს საქმიანობას, გნებავთ პარტიულს, გნებავთ პროფესიულს.
ყველა ადამიანი, რომელიც საზოგადოებაში მხარდაჭერით სარგებლობს, წაადგება პარტიას", - განაცხადა „რეპორტიორთან" საუბრისას დეპუტატმა.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ პარტია ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან კონსულტაციებს გამართავს. დღეს კი მან თქვა, რომ კონსულტაციები თეორიულად შესაძლებელია გაიმართოს.
„საუბარი იყო იმაზე, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები მიიღება კონსულტაციების შემდეგ. თეორიულად ყველაფერი შეიძლება მოხდეს", - განაცხადა კობახიძემ.
ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე კი აცხადებს, რომ ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაუბრუნებისა და პარტიის საქმიანობაში ჩართვის საკითხი არ განიხილება.
„ყოფილ პრემიერთან ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა. ჯერ არ ყოფილა ამ საკითხზე საუბარი. ვერაფერს გეტყვით..." - განაცხადა კახა კალაძემ.