logo_geo
eng_logo
ვენეციის ხელოვნების 57-ე საერთაშორისო გამოფენაზე საქართველო პროექტით „ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომების გარემოცვაში“ წარდგება
- +

29 დეკემბერი. 2016. 14:30



ვენეციის ხელოვნების 57-ე საერთაშორისო გამოფენაზე, საქართველოს სახელით წარსადგენ პროექტზე გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა.


აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, 29 დეკემბერს, კულტურის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია. ღონისძიებას კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე კახი კანდელაკი უძღვებოდა, რომელმაც გამარჯვებული პროექტი და მის ავტორი დაასახელა.


2017 წლის 13 მაისიდან 26 ნოემბრის ჩათვლით, იტალიის რესპუბლიკაში, ქ. ვენეციაში იმართება ვენეციის ხელოვნების 57-ე საერთაშორისო გამოფენა („ვენეციის ბიენალე"). წლევანდელი გამოფენის მთავარ თემას წარმოადგენს "VIVA ARTE VIVA" (კურატორი კრისტინ მასელი).


ვენეციის ბიენალეზე საქართველოს ეროვნული პავილიონით მონაწილეობის მიზნით, არსენალეს ტერიტორიაზე, შენობაში "Artiglierie" განისაზღვრა 115 კვ.მ. ფართობის სივრცე. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ, საქართველოს სახელით წარსადგენ პროექტზე გამოცხადდა კონკურსი;


კონკურსის ფარგლებში, სამინისტროში შემოსული პროექტების განხილვისა და გამარჯვებული პროექტის შერჩევის მიზნით, მსოფლიოში წამყვანი ქართველი და უცხოელი ექსპერტებისაგან შემდეგი შემადგენლობის   საკონკურსო კომისია დამტკიცდა:


გიორგი გეგეჭკორი - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი;


ლილი მამაცაშვილი - საქართველოს ეროვნული მუზეუმის, თბილისის ისტორიის მუზეუმის კურატორი, პროექტის - თანამედროვე ხელოვნების გალერეის კოორდინატორი (წარსულში ვენეციის ბიენალეს ქართული ეროვნული პავილიონის შესარჩევ კონკურსში კომისიის წევრი).


აკაკი რამიშვილი - საერთაშორისო აღიარების ქართველი ხელოვანი (წარსულში ვენეციის ბიენალეზე ქართული ეროვნული პავილიონის მონაწილე ხელოვანი).


ჩარლზ მერევეზერი - თბილისის ისტორიის მუზეუმის ფარგლებში პროექტის - თანამედროვე ხელოვნების გალერეის კურატორი (წარსულში Biennale of Sidney კურატორი, Getty foundation-ის მრჩეველი, Abu Dhabi Museum Island ვიცე დირექტორი).


ბიორნ გელდჰოფი - PinchukArtCentre კურატორი (კიევი), თანამედროვე ხელოვნების ცენტრის YARAT არტისტული და სტრატეგიული დირექტორი (ბაქო), (წარსულში უკრაინის ეროვნული პავილიონის კურატორი).


კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღება 2016 წლის 7 ნოემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით სამინისტროს ელექტრონულ მისამართზე: mc@culture.gov.ge. ხორციელდებოდა. მიღებულ იქნა 20 პროექტი, რომლებიც შესაფასებლად კომისიის წევრებს გაეგზავნათ. საკონკურსო კომისიის წევრები პროექტებს ინდივიდუალურად, ფარული კენჭისყრით  4 კრიტერიუმით აფასებდნენ:


კონცეფცია და მისი შესაბამისობა ვენეციის ბიენალეს ძირითად კონცეფციასთან მიმართებაში; პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის  გამოცდილება; ექსპოზიციის  დიზაინი;  ბიუჯეტის შესაბამისობა გამოფენის კონცეფციასა და ექსპოზიციის დიზაინთან მიმართებაში.


უნდა აღინიშნოს, რომ მიღებული განაცხადების უმრავლესობა საკმაოდ საინტერესო და შინაარსობრივად ღირებული აღმოჩნდა, აქედან გამომდინარე, რთული იყო კომისიის წევრებისათვის საუკეთესო პროექტის გამოვლენა. საბოლოოდ კი გამარჯვებული აღმოჩნდა:

პროექტი „ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომების გარემოცვაში";


პროექტის ავტორი და შემსრულებელი - ვაჟიკო ჩაჩხიანი, დაიბადა თბილისში 1985 წელს, სწავლობდა გერაიტ რიტფელდის აკადემიაში ამსტერდამში, აუდიოვიზუალურ ფაკულტეტზე  და ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტი (UDK). ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს ბერლინში.


პროექტის კურატორია - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი- ჯულიან ჰეინენი, მწერალი, სპეციალიზირდება თანამედროვე ხელოვნებაზე.  2003 - 2005 წლებში იყო გერმანიის ეროვნული პავილონის კურატორი ვენეციის ბიენალეზე, და 2008 წელს შანხაის ბიენალეს ერთერთი კურატორი. ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს ბერლინში.


ვაჟიკო ჩაჩხიანის ინსტალაცია მიგვანიშნებს იმაზე, თუ რამდენად მძიმედ აწევს ადამიანს სოციალური, პოლიტიკური თუ ისტორიული გარემოებების ტვირთი, რომლებიც გავლენას ახდენენ ცხოვრების შესახებ  ადამიანთა წარმოდგენებზე.


მეორე ადგილი ხვდა წილად ლადო დარახველიძის პროექტს „კავკასიის ისტორიის გაკვეთილი -კურატორები: ლადო დარახველიძე, როზელი ჰეიმენი და ანიკ ფურნიე.


ხოლო მესამე ადგილზე - პროექტი „მეოთხე ოთახი" დასახელდა, კურატორი ვატო წერეთელი, მხატვარი ნინო ჩუბინიშვილი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner