logo_geo
eng_logo
საქართველოს მთავარმა პროკურორმა თანამშრომლებს დამდეგი 2017 წელი მიულოცა
- +

29 დეკემბერი. 2016. 19:35


 

 

საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებს დამდეგი 2017 წელი მიულოცა.


მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე მთავარმა პროკურორმა 2016 წელი შეაჯამა, თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. როგორც ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, 2016 წელი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წელი საქართველოს პროკურატურისთვის: წელს შემუშავდა პროკურატურის განვითარების 2017-2021 წლების სტრატეგია, რომელიც ორიენტირებულია სისტემის პროგრესსა და განვითარებაზე. ასევე, დასრულდა პროკურორთა შეფასების სისტემაზე მუშაობის პირველი ეტაპი; არაერთი პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში; დამკვიდრდა პროკურატურის მუშაკებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მათი დაწინაურებისა და წახალისების საკითხების კოლეგიური განხილვის წესი; გადაიხედა პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსი; დაინერგა მოქალაქეებთან შეხვედრის ელექტრონული პროგრამა; ,,ადგილობრივი საბჭოს" პროექტი გავრცელდა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა პროკურორთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად.


მთავარმა პროკურორმა ასევე  განაცხადა, რომ  2017 წელი უნდა იყოს გაცილებით უფრო წარმატებული და პროგრესული.  საქართველოს პროკურატურის   მუდმივ პრიორიტეტად კვლავ რჩება მაღალკვალიფიციური საპროკურორო საქმიანობის განხორციელება. 2017 წლიდან დაინერგება პროკურორთა შეფასების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლებას, პროკურორთა წახალისების, დაწინაურების სისტემის გამჭვირვალობას და  პროკურორთა მოტივაციის ამაღლებას.


წინასაახალწლო ღონისძიებაზე ირაკლი შოთაძემ  პროკურატურის წარმატებული თანამშრომლები მადლობის სიგელებით და ვადამდელი წოდების მინიჭებით დააჯილდოვა.  საკონსულტაციო საბჭოს მიერ სხვადასხვა კრიტერიუმებით გამოვლენილი იქნა 2016 წლის საუკეთესო  პროკურორი,  საუკეთესო გამომძიებელი და წლის საუკეთესო სტრუქტურული დანაყოფი. სამსახურებრივი მოვალეობის განსაკუთრებულად  კეთილსინდისიერად და  მაღალ  პროფესიონალურად შესრულებისთვის,  პროკურატურის სისტემაში  ერთგული   და  ხანგრძლივი  საქმიანობისთვის  ყველაზე მაღალი და საპატიო ჯილდო  საქართველოს პროკურატურის საპატიო მუშაკის წოდება მიენიჭათ  და  შესაბამისი სამკერდე ნიშანი გადაეცათ ხაშურის რაიონის პროკურორის მოადგილეს როზა სამუშიას და ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის  პროკურორს გიორგი ყაჯრიშვილს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner