„სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას ორი ძირითადი მიზანი აქვს. პირველი - კონსტიტუციის კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაა", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა 2030-ში განაცხადა.
როგორც კობახიძე აღნიშნავს, არ შეიძლებოდა, საკონსტიტუციო კომისია პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული ფორმატით შექმნილიყო.
„როცა 2010 წელს კონსტიტუციაში მიღებული ცვლილებები ვენეციის კომისიის მიერ შეფასდა, ძალიან ბევრი კრიტიკული შენიშვნა გამოითქვა, რადგან მასში კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან, მათ შორის, ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან დაკავშირებით, მთელი რიგი ფუნდამენტური ხარვეზები და წინააღმდეგობებია. ამიტომ, შესაბამისი ნორმები და დებულებები, რა თქმა უნდა, გასწორებას საჭიროებს. ეს არის ერთი უმთავრესი მიზანი, რომ იურიდიული თვალსაზრისით, ჩვენი ძირითადი კანონი მაქსიმალურად დავხვეწოთ. მეორე - ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ მმართველობის ისეთი მოდელი, რომელიც ქვეყნის გრძელვადიანი, დემოკრატიული განვითარების ინტერესის შესატყვისი იქნება.
ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, არანაირი კითხვის ნიშანი არ შეიძლება დაისვას. კომისია მოიცავს ძალიან ფართო სპექტრს იმ სუბიექტებისა, რომლებიც დახვეწილი კონსტიტუციის არსებობით უნდა იყვნენ დაინტერესებული. სპექტრი ძალიან ფართოა და კონსტიტუცია ძალიან ფართო განხილვის საფუძველზე გადაისინჯება. კომისიაში 4 სამუშაო ჯგუფია შექმნილი, რომლებიც კონსტიტუციის შესაბამის თავებზე იმსჯელებენ, რის საფუძველზეც, კონკრეტული დებულებები უნდა შეიცვალოს. აქედან გამომდინარე, ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, არავითარი კითხვის ნიშანი არ შეიძლება გაჩნდეს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.