ავტორი ალა გრიგალაშვილი
საპარალამენტო უმრავლესობის წევრი თეიმურაზ ჭკუასელი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში" ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებას არ გამორიცხავს.
„შესაძლოა, გაიმართოს კონსულტაციები, ოღონდ არა საარჩევნო სიებისთვის, არამედ მისი პარტიაში დაბრუნებისთვის. ეს ორი რამ განსხვავდება ერთმანეთისგან. თუ პარტიაში დაბრუნდება, ვფიქრობ, რომ კარგი გადაწყვეტილება იქნება და მე ამას ორივე ხელით მივესალმები", - განაცხადა „რეპორტიორთან" საუბრისას ჭკუასელმა.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ყოფილ თავმჯდომარესთან, ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან კონსულტაციებს გამართავს. ინფორმაცია გუშინ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გაავრცელა.
„ჩვენ აუცილებლად გვექნება კონსულტაციები და ამ კონსულტაციების შედეგად გაირკვევა ის, თუ როგორი იქნება ყოფილი პრემიერის და თავმჯდომარის ჩართულობა ჩვენს სამომავლო საქმიანობაში", - განაცხადა კობახიძემ. ასეთი კონსულტაციები, მისი თქმით, ჯერჯერობით არ გამართულა.