საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მე-5 არხის გადაცემაში იმაზე ისაუბრა, თუ როგორ მოკრძალებულად ცხოვრობდა საქართველოში პრეზიდენტობისას.
სააკაშვილმა პოროშენკოსთან მისი პიროვნების შედარებისას, წამყვანის მიერ დასმული შეკითხვის - თუ რა გამოსდის მასზე უკეთესად პოროშენკოს - საპასუხოდ თქვა, რომ მან 100 000 დოლარის შოვნაც ვერ შეძლო, მაშინ, როდესაც პოროშენკომ მილიარდები იშოვა, მისთვის კი ჩვეულებრივი ადამიანების საფიქრალის გაგებაა უფრო ადვილი, მას მათ ადგილას თავის დაყენება შეუძლია, რადგან მისი თქმით, იგი გაცილებით უფრო ახლოს არის ადამიანებთან მატერიალური მდგომარეობით, და მეორე მომენტია ის, რომ იგი „ადამიანებთან ურთიერთობას ეთაყვანება".
„მე არასოდეს მიცხოვრია მდიდრულ რეზიდენციებში, როდესაც მე პრეზიდენტი ვიყავი, თითქმის ყოველ საღამოს ჩვეულებრივ კაფეში ვიჯექი. ნუ, პატარა ქვეყანაა, რა თქმა უნდა, უკრაინა სხვა ისტორიაა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილმა უკრაინის პოლიციაში არსებულ კორუფციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ პოლიციის რეფორმა ჩაფლავდა, რადგან არასაკმარისია საპატრულო პოლიციისთვის მატერიალური უზრუნველყოფის საშუალებები და მე-2 მხრივ პოლიციის ძირითადი ნაწილი დარჩა არარაფინირებულად.
სააკაშვილმა დაცვის წევრებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაცვის ორი წევრი საქართველოდან ჰყავს და მათ იარაღის ტარების უფლება არ აქვთ და ერთი, რაც მისი დაცვის წევრებს შეუძლიათ, ისიც თუ სწრაფად მოახდენენ რეაგირებას, მისი „ზელიონკის" შესხმისაგან თავდაცვაა.
„მე მყავდა დიდი დაცვა, კარგი ბიჭები არიან... როდესაც ჩხრეკა ჩაატარეს მაისში, ეს ბიჭები ნიღბებით იყვნენ მოსული და რცხვენოდათ სახის გამოჩენის, მე მაშინვე ვიცანი ისინი, რა თქმა უნდა, ეს არაა ლამაზი", - განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილმა გამორიცხა იმის შესაძლებლობა, რომ პრეზიდენტმა პოროშენკომ იგი შეიძლება ქართულ მხარეს გადასცეს.
„ძალიან კარგი აზრის ვარ პეტრო პოროშენკოზე. ვფიქრობ, მსგავს რამეს იგი არ გააკეთებს. უბრალოდ, წარმოიდგინეთ ჰიპოთეტურად, რომ პოროშენკო საქართველოს გადამცემს, თუნდაც ასე იყოს, საქართველოში 600 000 მომხრე მყავს და ზუსტად ერთ კვირაში მე უკვე თავისუფლებაზე ვიქნები", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.