ლაგვილავების 6-სულიან ოჯახს, რომელიც წლების განმავლობაში მძიმე პირობებში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა დევნილთა და განსახლების სამინისტრომ თბილისში, ახალაშენებულ კორპუსში სამოთახიანი ბინა გადასცა.
მრავალსულიან ოჯახს დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი ესტუმრნენ და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. დევნილი ოჯახი ახალი სახლის გასაღებს 2017 წლის იანვარში მიიღებს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2016 წლის ბოლოს, თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ბინა 400 დევნილ ოჯახს გადასცა. 200-მა ოჯახმა ახალი სახლის გასაღები უკვე მიიღო, 200 კი ახალმოსახლეობას 2017 წლის იანვარში იზეიმებს.