გერმანელი სპეციალისტის აზრით, ამ ეტაპზე უწმინდესის გერმანიაში გადაყვანისა და ოპერაციული ჩარევის საჭიროება არ არის, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, პატრიარქის ექიმმა ცისანა შარტავამ განუცხადა.
მისი თქმით, ბერლინის ჰელიოს კლინიკის სპეციალისტმა მამარტინ სტრიკმა პატრიარქი მოინახულა და კონსულტაცია ჩაატარა.
„გერმანელმა ქირურგმა ქართველი ექიმების სამკურნალო ტაქტიკა ცალსახად მოიწონა და ამ ეტაპზე ოპერაციულ ჩარევაზე უარი განაცხადა. დაკვირვება გრძელდება და შემდეგ უწმინდესის მკურნალობა მონაცემების მიხედვით გაგრძელდება. უწმინდესი თავს კარგად გრძნობს და ბევრი მაჩვენებელი უმჯობესდება. დინამიკა დადებითია", - განაცხადა ცისანა შარტავამ.
ქართველი სპეციალისტები გერმანიაში სამკურნალოდ წასვლას ურჩევდნენ, თუმცა უწმინდესმა უარი განაცხადა.