„აშშ-ის მიმავალი ადმინისტრაციის ახალ არამეგობრულ ნაბიჯებს ვაფასებთ, როგორც პროვოკაციულს, რომლებიც მიმართულია რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების ძირის გამოთხრისკენ", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა და გადაწყვეტილება მიიღო, არ გააძევოს რუსეთის ფედერაციიდან ამერიკელი დიპლომატები.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი არ დაეშვება „სამზარეულოს დიპლომატიის" დონემდე.
„აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც რუსი, ასევე ამერიკელი ხალხის ინტერესებს. გლობალური უსაფრთხოების შენარჩუნებაზე რუსეთისა და აშშ-ის განსაკუთრებული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით ეს ზიანს აყენებს საერთაშორისო ურთიერთობების მთლიან კომპლექსს", - აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა.
პუტინმა დამდეგი ახალი წელი ობამას და ტრამპს მიულოცა.
„სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ობამას ადმინისტრაცია ასე ამთავრებს თავის სამუშაოს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვულოცავ მას და მისი ოჯახის წევრებს დამდეგ ახალ წელს. ვულოცავ აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტ ტრამპს, სრულიად ამერიკელ ხალხს", - ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რუსეთიდან 35 ამერიკელი დიპლომატის და სანკტ-პეტერბურგში ამერიკის გენერალური საკონსულოს 4 თანამშრომლის გაძევება შესთავაზა. წინასაარჩევნოდ კიბერ თავდასხმებთან დაკავშირებით, თეთრმა სახლმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. ბარაკ ობამა 35 რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს და მათ გვარებს ასაჯაროებს.