„მოძრაობა ბედნიერი საქართველოსთვის" ლიდერი ლეონიდ ჩერნოვეცკის მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს ონლაინ-კაზინოების აკრძალვის მოთხოვნით
ბატონო პრემიერ-მინისტრო, მიმაჩნია, რომ საქართველოში არსებობს რამოდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც დაუყოვნებლივ გადაწყვეტას საჭიროებს, რადგან ყოველი დაკარგული დღე კიდევ არა ერთი ადამიანის დაკარგულ სიცოცხლეს ნიშნავს.
ამ პრობლემებს შორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს საქართველოში მოქმედი ონლაინ-კაზინოები იკავებს. საქართველოში ათობით ინტერნეტ-კაზინოა, რომელთაც ჩვენი მოქალაქეების საკმაოდ დიდი ნაწილი მახეში ჰყავთ გამბული. კომპანიები, რომლებიც მოქალაქეებს ინტერნეტ თამაშებში მონაწილეობის მიღებას სთავაზობენ, სახელმწიფოს მხრიდან სათანადოდ არ კონტროლდებიან და მათ მფლობელებს არანაირი სოციალური და მოქალაქეობრივი პასუხისმგელობა არ გააჩნიათ. ჩემი პირადი აზრით და დაკვირვებით, ქართველი ახალგაზრდების უმეტესი ნაწილი ამ ონლაინ- კაზინოებისგან დაგებულ ხაფანგშია მოქცეული, საიდანაც თავის დაღწევას მხოლოდ ერთეულები ახერხებენ.
რეალურად, არასტაბილური შემოსავლის მქონე ახალგაზრდები, იმ იმედით იწყებენ თამაშს, რომ რაიმე სახის შემოსავალს მიიღებენ და შედეგად კი დიდ თანხებს აგებენ, ყიდიან ყველაფერს რაც გააჩნიათ, იღებენ ვალებს და ინადგურებენ ცხოვრებას. ხშირად ისინი ამ თამაშებზე ავადმყოფურად დამოკიდებულნი ხდებიან, უწევთ მათზე დარეგისტრირებული საცხოვრებლების გაყიდვა და ქუჩაში დარჩენა. არც თუ ისე იშვიათია ამ პრობლემით გამოწვეული სუიციდის შემთხვევები. სამწუხაროდ, ეს გახლავთ დღევანდელი საქართველოს რეალობა.
უფრო მეტსაც გეტყვით, ინტერნეტ-კაზინოებში არასრულწლოვნებიც თამაშობენ და მათი რიცხვი სავარაუდოდ საკმაოდ დიდია. შემიძლია მოგახსენოთ იმ სქემის შესახებ, რომელსაც ვიმედოვნებ, თქვენზე დაქვემდებარებული სტრუქტურები დეტალურად შეისწავლიან. მოგეხსენებათ, მსგავს საიტებზე რეგისტრაცია ძალიან მარტივია, საჭიროა მხოლოდ სახელის, გვარის და პირადი ნომერის დარეგისტრირება. 13-დან 18 წლამდე არასრულწლოვნები აფიქსირებენ თავისი ახლობლის, ბიძის, ბაბუის, ბებიის პირადობის მონაცემებს და ამ ხერხის გამოყენებით იწყებენ თამაშს.სამწუხაროდ არავინ ინტერესდება, თუ ვინ თამაშობს ამ სახელით და გვარით ეკრანის მეორე მხარეს. შესაბამისად, ის რაც ხდება ამ სფეროში სრულ ქაოსს და უკონტროლობას ნიშნავს. მოგიწოდებთ დაინტერესდეთ, რამდენი ზრდასრული პირი და პენსიონერია დარეგისტრირებული ონლაინ-მოთამაშედ და შემდეგ გადაამოწმეთ რამდენად რეალურად არიან ეს ადამიანები ჩართულნი ონლაინ-თამაშებში. დარწმუნებული ვარ, შედეგებით თქვენც გაკვირვებული დარჩებით.
რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, ონლაინ-კაზინოების დახურვით სახელმწიფოს არანაირი ზიანი არ მიადგება, რადგან მსგავს დაწესებულებებში დასაქმებულია მხოლოდ რამდენიმე მაღალკვალიფიციური პროგრამისტი, რომლებზეც მოთხოვნა ისედაც დიდია და ისინი აუცილებლად იპოვიან მათთვის შესაფერის სხვა სამსახურს.
დარმწუნებული ვარ, რომ ეს ინიციატივა ძალიან ბევრ ახალგაზრდას გადაურჩენს მომავალს. ეს არის უმნიშვნელოვანესი ინიციატივა, რომლის განხილვა და მიღება აუცილებელია საპარლამენტო უმრავლესობის მიერ. დაუშვებელია, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და მათ შორის ახალგაზრდები ამდენად დაუცველნი იყვნენ სახელმწიფოს მხრიდან და ონლაინ-კაზინოების და სხვა მსგავსი ტიპის სათამაშო ბიზნესის მფლობელთა მსხვერპლნი ხდებოდნენ.
დიდი პატივისცემით, პოლიტიკური მოძრაობის „ბედნიერი საქართველოსთვის" ლიდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი.