პანკისის ხეობაში ტრადიციული ისლამის მეჩეთებში არსრულწლოვანთა ქორწინებას აღარ გააფორმებენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს ხელმძღვანელმა ხასო ხანგოშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ხეობის უხუცესები აღნიშნულ საკითხზე დიდი ხანი მსჯელობდნენ.
"მივიღეთ გადაწყვეტილება, ტრადიციული ისლამის მეჩეთების იმამებმა აღარ დაარეგისტრირონ არასრულწლოვანთა ქორწინება. აღნიშნულზე მსჯელობა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. ჯერ ერთი თვრამეტ წლამდე გოგონა სკოლის მოსწავლეა და მისთვის ოჯახური ტვირთი მძიმეა. მან უნდა შეძლოს სწავლის დასრულება. მეორე არის ის, რომ ჩვენი ტრადიციებიდან გამომდინარე, ოჯახში ქალის როლი საკმაოდ საპასუხისმგებლოა და არასრულწლოვნისთვის ეს ზედმეტად დიდი პასუხისმგებლობაა. და მესამე - ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა უკვე კრძალავს არასრულწლოვანთა ქორწინებას", - განმარტა ხასო ხანგოშვილმა.
მისივე ცნობით, ბოლო პერიოდში ტრადიციული ისლამის მეჩეთებში თითქმის აღარ ხდებოდა არასრულწლოვანთა ქორწინების გაფორმება, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილების გამოცხადება უფრო მეტად შეცვლის ვითარებას.
"ხეობაში არიან ადამიანები, რომლებიც ფუდამენტალისტური ისლამის მიმდევრები არიან. თუნდაც ისინი, ვინც საკუთარ ხალხს ჯამაათის კაცებს უწოდებს (მათ ვაჰაბიტებსაც ეძახიან), თუმცა მათი მიმდევრობა ტრადიციული ისლამისგან განსხვავდება და აღნიშნულ საკითხზეც სულ სხვა შეხედულებები აქვთ. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, მათ კი თავისი", - განაცხადა ხასო ხანგოშვილმა.