განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, განათლების განვითარების სტრატეგიული გეგმის წარდგენისას განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში საზოგადოებას განათლების დაფინანსების ახალ მოდელს შესთავაზებენ. მისივე თქმით, ამის განხილვაში როგორც მთავრობის, ისე საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ჩაერთვებიან.
როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, დაფინანსების მოქმედი მოდელი დღევანდელ საჭიროებებს ვეღარ პასუხობს.
„შევეცდებით, ახალგაზრდები იმ პროფესიაში, იმ მიმართულებით დავაფინანსოთ, სადაც ყველაზე მეტად გვჭირდებიან. აკადემიური მოსწრება ყოველწლიურად დაფინანსების მოპოვებისათვის გადამწყვეტი უნდა იყოს. ეს კომპონენტი დღევანდელ სისტემაში გათვალისწინებული არ არის. მოგეხსენებათ, დღეს ერთხელ თუ მიიღო სტუდენტმა გრანტი, ის მას ბოლომდე მიყვება მიუხედავად აკადემიური შედეგებისა", - განაცხადა ჯეჯელავამ.
მისი თქმით, არ არის სწორი, როცა აბიტურიენტი ერთხელ მოემზადება, გრანტს მიიღებს ხოლო შემდეგ კი აღარ სწავლობს.
„სოციალური კომპონენტებიც გადასამუშავებელი და გასავითარებელია. სისტემა უფრო გამჭირვალე უნდა იყოს. სტუდენტი უნდა ხედავდეს, რატომ იღებს, ან ვერ იღებს გრანტს. უნივერსიტეტებთან ერთად სამუშაო ჯგუფს ვქმნით და იგი ახალ სქემას დაამუშავებს", - განაცხადა ჯეჯელავამ.
ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, შეეცდებიან, რომ დღეს არსებული დაფინანსების სისტემა 2017 წლისთვის ნაწილობრივ მაინც შეცვალონ.
„არ მგონია, სრულად ამოქმედება მოვასწროთ, მაგრამ რაღაც ახალი კომპონენტები ამოქმედდება", - განაცხადა ჯეჯელავამ.
კითხვაზე, გამოიწვევს თუ არა ეს ყველაფერი აბიტურიენტების უკმაყოფილებას, მინისტრმა გვიპასუხა, რომ სწორი გადაწყვეტილებები ამის მიუხედავად უნდა მიიღებოდეს.
„სწორი რაც არის, ვინმეს უკმაყოფილებას რომც იწვევდეს, მაინც სწორია. ისეთი სისტემა უნდა შევქმნათ, რომელსაც ცუდი აბიტურიენტი უკმაყოფილოები ეყოლება, ხოლო კარგი აბიტურიენტები - კმაყოფილები", - დასძინა განათლების მინისტრმა.