ავტორი მარიამ პაიჭაძე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა კობალაძე „რეპორტიორთან" საუბარში ამბობს, რომ ახალ წელს ტრადიციულად ოჯახთან ერთად, სახლში ხვდება და დასძენს, რომ საახალწლო სამზადისშიც იღებს მონაწილეობას.
„ტრადიციულად ახალ წელს ოჯახში ვხვდები იმიტომ, რომ ეს ჩემი წინაპრებისგან, ჩემი მშობლებისგან დანერგილი ტრადიციაა. ბავშვებიც გაიზარდნენ და ახლა უკვე, ასე ვთქვათ, ყველას თავისი პროგრამა აქვს, აქეთ-იქით ვიფანტებით და შემდეგ მიდის „დუღილი და ჩქარი ტაში".
რომ გითხრათ, რომ საახალწლო სამზადისში არ ვარ ჩართული-მეთქი, მოგატყუებთ, იმიტომ, რომ მეხერხება, გურმანი ვარ და რაღაც პროცესებში, მომარაგება იქნება თუ გადამუშავების პროცესი, გარკვეულწილად ჩართული ვარ", - ამბობს კობა კობალაძე.
„ვირტუალური მოვლენების არ მჯერა, სიმართლე გითხრათ, მაგრამ მეკვლის ტრადიციას ყურადღებას ვაქცევთ. ჩვენს ოჯახში არის ყველა ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი და იმ ახალი წლის ღამეს, ვისი წელიც მოდის, მეკვლეობის პრიორიტეტი ყოველთვის იმისია", - ამბობს კობა კობალაძე მეკვლის ტრადიციაზე საუბრისას.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი „რეპორტიორთან" საუბარში ულოცავს სრულიად საქართველოს ახალ წელს, ქართველ ხალხს კი სიძლიერესა და ჯანმრთელობას უსურვებს.
„გილოცავთ ახალ წელს, ვულოცავ ჩემს სამშობლოს, ყველა იმ შემადგენელს, რომელმაც გამოხატა ნდობა ჩემს მიმართ და მათაც, ვინც არ გამოხატა. ჩვენ ყველანი ერთი ქვეყნის შვილები ვართ და პირდაპირპროპორციულად დამოკიდებულია ერთი ადამიანის წარმატება მთლიანი ქვეყნის წარმატებაზე.
ქართველ ხალხს ვუსურვებ სიძლიერეს, ჯანმრთელობას, ცოტა მოცდის უნარის შეძენას, იმიტომ, რომ ყველაფერი უცებ არ ხდება. ვუსურვებ ყველაზე სანუკვარი იმედის განხორციელებას, ეს არის ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, გაძლიერება და სიკეთე და, რა თქმა უნდა, ღვთის წყალობას. ერთხელ და სამუდამოდ გამოვიდეთ იმ რეჟიმიდან, რომ ვიღაცა რაღაცას გვიშველის. უნდა დავიკაპიწოთ ხელები, ვიღვაწოთ, ვიშრომოთ და ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის მომავლის საწინდარი იქნება", - ამბობს კობა კობალაძე.