ავტორი სალომე უერთაშვილი
„პატრიოტთა ალიანსის" წევრი კონსტანტინე გამსახურდია ახალ წელს ტრადიციულად სახლში ხვდება, შემდეგ კი მეგობრების წრეში აღნიშნავს. როგორც მან „რეპორტიორთან" განაცხადა, განსაკუთრებულად მძაფრი 1991-92 წლები იყო.
„ახალ წელს ტრადიციულად სახლში ვხვდები, შემდეგ მეგობრების წრეში ვაგრძელებ. ჩემი შვილები, სამწუხაროდ, საქართველოში არ არიან, ამიტომ მარტო ვარ ხოლმე. ახალი წლის განსკაუთრებული აღნიშვნა არ მახასიათებს. ყოველთვის ვფიქრობ ძველ წელზე, თუ რა მოუტანა საქართველოს, ხალხს, საზოგადოებას და ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული ოპტიმიზმით ვუყურებ მომავალ წელს. რაც შეეხება მეკვლეს, ხალხური ტრადიციაა. ისეთი საქართველოში ვინ უნდა შემოვიდეს, ქვეყანას, რომ ეშველოს? ჩვენ შემთხვევითი ადამიანი კი არ გვჭირდება, არამედ ის, ვისაც ექნება ამომწურავი პროგრამა, რომლითაც ქვეყანა ამ მდგომარეობიდან გამოვა", - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.
მისი თქმთ, სამზადისში მონაწილეობას ვერ იღებს. განსაკუთრებულად დიდ კონსტანტინე გამსახურდიასთან ერთად გატარებული ახალი წლები ახსოვს.
„სამზადისში ვერ ვმონაწილეობ. ძალიან ცუდად მახსოვს 1991-92 წლები, მსგავსი შემზარავი ახალი წელი ჩემს ცხოვრებაში არ გათენებულა, ამ დროს იწვოდა თბილისის ცენტრი, იხოცებოდნენ ადამიანები, სწორედ აქედან გვჭირს ის უბედურება, რაც ახლაა. რაც შეეხება კარგად დამახსოვრებულ ახალ წელს, ალბათ ყველა, თუმცა განსაკუთრებით ის წლები მახსოვს, როდესაც ბაბუა ცოცხალი იყო და დიდი კონსტანტინე გამსახურდიას გარემოცვაში ვხვდებოდი ახალ წელს.
ახალ 2017 წელს ქვეყანას ვუსურვებ, გააცნობიეროს ის მდგომარეობა, რომელშიც ახლა იმყოფება, დაიჭიროს სწორი მიმართულება, რომელიც ამ რთული სიტუაციიდან გამოიყვანს. საზოგადოებას კი ვუსურვებ, მხარი დაუჭირონ არა ისეთ პიროვნებას, რომელიც ამბობს, რომ ვიღაცას დაიჭერს, არამედ იმას, ვისაც განვითარების გეგმა აქვს", - განაცხადა გამსახურდიამ.