logo_geo
eng_logo
მანანა ნაჭყებია: საახალწლო სამზადისს ადრე ვიწყებ, ყველაფერს თავად ვამზადებ
- +

1 იანვარი. 2017. 20:16


 

 

„ახალი მემარჯვენეების" პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია წარმოშობით სამეგრელოდანაა და ახალი წლის ყველა იმ ტრადიციას იცავს, რასაც მისი მშობლები და წინაპრები იცავდნენ. ეს მოსწონს კიდეც და სურვილი აქვს, ტრადიციების გამგრძელებლები მისი შვილებიც იყვნენ. როგორც ნაჭყებიამ „რეპორტიორთან" საუბრისას აღნიშნა, განსაკუთრებულად მოსწონს მეკვლეს ტრადიცია და ძალიან ხალისობს, როდესაც ახალი წლის პირველ დღეს ოჯახში ხონჩით ხელში მისი უფროსი ქალიშვილი შემოდის. თავად საახალწლო სამზადისში აქტიურად არის ჩართული და საახალწლო სუფრისთვის აუცილებელ ყველა კერძსა და ტკბილეულს ამზადებს. სამზადისს კი, ძალიან ადრე იწყებს და როგორც სხვები აღნიშნავენ, ყველაფერი ძალიან გემრიელი გამოსდის.

 

- სად ხვდებით ახალ წელს და რაიმე განსაკუთრებული ტრადიცია ხომ არ გაქვთ?

 

- ამ დღესასწაულს ოჯახში ვხვდები. ტრადიციას რაც შეეხება, არაფერი განსაკუთრებული. ყველაფერს ისე ვაკეთებთ, როგორც ჩემი მშობლები და წინაპრები აკეთებდნენ. წარმოშობით სამეგრელოდან ვარ და იქ იციან, რომ ოჯახის ხვავი და ბარაქა მეკვლეზეა დამოკიდებული. ჩვენი მეკვლე ჩემი უფროსი ქალიშვილია, რომელიც ოჯახში ხონჩით ხელში შემოდის. მასში კი აუცილებლად უნდა იყოს კაკალი, თხილი, ბრინჯი, ღერღილი, კვერცხი და, რა თქმა უნდა, ტკბილეული. ამ ტრადიციას ჩვენც ვიცავთ, ხოლო საახალწლო სამზადისს რაც შეეხება, ყველა იმ ნუგბარსა და ტკბილეულს ვამზადებ, რაც ახალი წლისთვის არის აუცილებელი.


- გამოდის რომ, მეკვლის ტრადიციას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებთ.

 

- რა თქმა უნდა. ეს სახალისოც არის. ყველანი ვხალისობთ, როდესაც ოჯახში, ხონჩით ხელში ჩემი ქალიშვილი შემოდის. ძალიან ლამაზი ტრადიციაა და ძალიან მიყვარს. მინდა, რომ ახალი წლის ეს ლამაზი ტრადიცია არა მხოლოდ ჩემს ოჯახში იყოს, არამედ ჩემმა შვილებმაც შეინარჩუნონ.


- ფიქრობთ, რომ გარკვეულწილად მეკვლეზეც არის დამოკიდებული იმ წელს ოჯახის ბედი?


- ასე არ ვფიქრობ, მაგრამ ადამიანი, რომელიც ოჯახში კეთილი სურვილებით შემოვა, კეთილ აურას ქმნის. ეს კი, ყოველთვის კარგი და სასიამოვნოა.


- გარდა ამისა, სხვა რაიმე ტრადიციაც ხომ არ გაქვთ?

 

- სხვა განსაკუთრებული ტრადიცია არ გვაქვს. ოჯახის წევრები ყველანი ერთად ვიკრიბებით და ასე ვეგებებით ამ ულამაზეს დღესასწაულს. ამის შემდეგ უკვე, მეგობრებსა და ნათესავებთან მივდივართ და მათთან ერთად ვაგრძელებთ ახალი წლის აღნიშვნას.


- საახალწლო სამზადისში აქტიურად ხართ ჩართული?

 

- რა თქმა უნდა. საახალწლოდ ყველაფერს თავად ვამზადებ, ეს იქნება ღომი, საცივი, ელარჯი, გებჟალია, გოზინაყი თუ სხვა. ზოგადად, ოჯახში გაკეთებული ყველაფერი მიყვარს და მეხერხება კიდეც.  საახალწლო სამზადისს ადრე ვიწყებ, ნიგოზს ვჭრი, ვამზადებ  საცივისთვის და ა.შ.


- ალბათ, ყველაფერი ძალიან გემრიელიც გამოგდით...

 

- დიახ, როგორც ამბობენ, გემრიელი გამომდის.


- რომელიმე ახალი წელი განსაკუთრებულად ხომ არ გახსენდებათ?

 

- ალბათ, შარშანდელი ახალი წელი, რადგან ოჯახის ახალი წევრი შემოგვემატა - ჩვენი ძაღლი „პონი". წინა წელს ძალიან პატარა იყო და ცოტა არ იყოს, ფოიერვერკებმა ძალიან შეაშინა. ახლა კი, უკვე დიდი ბიჭია და იმედია, არ შეეშინდება.


- და ბოლოს, როგორ მიულოცავთ საქართველოს და მოსახლეობას ახალ წელს და რას უსურვებდით?

 

- ახალი წელი ყოველთვის ოპტიმიზმს ბადებს.  საქართველოში გვაქვს იმის პოტენციალი, რომ ქვეყანა წარმატებული იყოს და მოსახლეობა კეთილდღეობის პირობებში ცხოვრობდეს. ასე რომ, ჩვენს ქვეყანას წარმატებებს და განვითარებას ვუსურვებ, მოსახლეობას კი - წინსვლასა და დასაქმებას, რომ თავიანთი შრომით ოჯახების შენახვა თავისუფლად შეძლონ.  




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner